ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)
გაზიარება

დედოფალს ანაზედ 

ვარ უცხო ვინმე ყარიბი 

ამა სიტყვისა მხმობელი, 

ამა მუხთლისა სოფლისა 

მაგინებელი, მგმობელი: 

მონა ვარ მისი მუდამ ჟამ 

და მისი შემამკობელი ― 

იგია ჩემი ხელმწიფე 

და ჩემი დამადნობელი! 


ვფუცავ, მე არვინ მიხილავს, 

რომ არს შვენებით ანაო! 

მთვარესა ეზრახებოდა: 

"შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!"

ვარსკვლავნი მისდა სამონოდ 

გარს უდგენ თანის-თანაო. 

მხილველნო, დამემოწმენით: 

კარგი ყოფილა განაო? 


ცნობა მიმიღო და გული, 

ხედვით შემზღუდა ანამან; 

კვლავ მომკლა მისმან ციალმან 

და წელთა მიმოტანამან; 

კოკობსა ვარდსა ნარგიზმან 

აპკურა ცრემლი ანამა. 

ჯობს,რომ არ ჰყავდეს მიჯნური, 

ან მოკლას ამისთანამან! 


იაგუნდი მოცინარობს: 

"მარგარიტნო, მიახელთო!"

სათის ტბიდგან ისარს ისვრის: 

ვინ გაუვლის ახლოს ველთო? 

დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს. 

ველს განაბნევს დია ხელთო! 

ნეტარ, თავო, გაქვნდეს გზაო! 

უვიცადი გიახელთო! 


მიმიღო ცნობა - 

არ ძალმიძს მკობა - 

ჩემმან ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან! 

შემოსა ხელი, 

ითნო სახელი 

მისმან გუანმან პაწაწანამან; 

ალხინა გული, 

წყლულ-დადაგული, 

წყალობიანმან მისმან შანამან. 

თქმულია ძველად: 

"ვინც იყოს ხელად, 

ეტრფე და მოგკლას ამისთანამან!"


ხელმწიფევ, გული 

შენთანა ბმული, 

წყალობიანად მომცემო შვების! 

ნაზად ვინ ირთვის, 

პირი მიმირთვის 

სიკვდიდმდე მტკიცე შენთანა ხლების! 

თუმცაღა გცოდე, 

ვიყო შემცოდე, 

შენგან წყალობით ნუ მელხინების! 

გიმუხთლე ესე, 

ვიყოცა მკვნესე, 

შენგანცა კიდე ვიყოცა სხვების!

??????