მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსა
მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!
მე განგიცხადებ დანამალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა,
ხელი რად მიჰყავ ძნელსა ვალებსა?
რად მიჰყევ სხვათა ჭკუა-მთვრალებსა,
ნებით მოშორდი მისათვალებსა?
არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,
თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა?
რადგან ძლეულ-ხარ შენისა ნებით,
თავს რაღად მართლობ თანის-თანებით?
ან რას იყოვნი ჟამსა ხანებით?
რას ინუგეშებ ცრემლსა ბანებით?
ხელი აიღევ მაგ სავანებით,
შემწე იძიე ბანის-ბანებით!
აგრე ვერ მომკი ვარდსა ყანებით!
რად გულს განიწონ საკვდად დანებით?
სხვას გირჩევ გზასა და სხვას ძალებსა!
მივედ, ყარიბო, უთხარ ბულბულსა,
მას შვენიერსა, ტკბილ-ხმა უსულსა:
შეგამუდარებს ქველსა სუმბულსა,
სიტყვას დაუფენს, ვითა ბუმბულსა;
შუა შემოვლენ, შეუქმენ გულსა,
ვარდ-თანა მივლენ კარ-დარაზულსა,
მოახსენებენ მაგ შენსა წყლულსა;
ვიცი, გიხსნიან ბედითა კრულსა!
მაგრა გახსოვდეს გულსა სალებსა!
თუ ნახო ვარდის კარნი ღიანი,
ან მოგეგებნენ ნაზნი იანი,
ჩემ მაგიერად იგი ჭკვიანი
ნარგიზი ნახე, ქცევა-მზიანი;
ესრე უამბე: იყავ სვიანი,
ანუ სად ვვლიდე კეთილ-გზიანი?
ვარდი მიკითხე, აგრევ იანი,
მეცა გახსოვდე მცირე დღიანი,
მომიგონებდე ფერ-ნამკრთალებსა!
გარდმოუტევე თვალთა მდინარე,
პირველად ჩემგან გულ-მომდინარე.
სალამი ჰკადრე არ საწყინარე,
ეს შენათვალი მიუწინარე;
მეცა ვიყავ-თქო თავ-საჩინარე,
ადგილი მქონდა დასაბინარე!
გირჩევ შეგბრალდეს გულ-ნამტკინარე,
აწ შეიწყალე ანამტინარე!
მანტორ გაბრალებ ფესვით ბრჭალებსა!