ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

ვნება _ მღვრიე და უანკარესი 

ვნება _ მღვრიე და უანკარესი,
თუ რამ მქონდა და თუ რამ მინდოდა, 
საზი, 
ტრაპეზი 
თუ ასპარეზი, 
ბედი სპათა თუ ბედი ინდოთა _ 
დამიგდია და ჟინით მოჯრილი 
ქვაბს შიგან მალპობს თანისთანობით 
სენი შმაგის და სენი მიჯნურის 
და უფრო მეტად _ უნესტანობის. 
წელზე _ მახვილი, მეხად ნაჭედი, 
რის ამეხებას ვერ მოვესწარი: 
ირგვლივ _ ათასი ციხე ქაჯეთის, 
მაგრამ არც ერთში _ ჩემი ნესტანი.
თვლემენ მცველები, იღბლიანები, 
მოფრიალებულ კართან დილეგის. 
ისე უწყალოდ იგვიანებენ, 
ალბათ, არც მოვლენ ავთანდილები. 
თითქოს მნათების ათინათებიც 
საბალდახინე გვირგვინებია.
ყრიან ლელებში მყრალი კატები 
და ლომებივით იღრინებიან. 
ვეღარც სიკვდილი ჩადგა თვალებში _ 
ლანდი ტრფიალის მეხთატეხისა, 
ვერც უჩინმაჩინ მტერზე თარეში _ 
ამირბარული ჩეხვა მეღირსა. 

და აღარ ვიცი, რად დამაფეთა 
სიზმრად ნანახი ეშხის ზმორებამ 
ან სიყვარულის ჭრელი ნაფლეთი 
რად მაფენია ვეფხის ზოლებად. 

??????