რაც გავშალე
რა გავშალე და,
ისევ ის, ჩემი სიამაყე _
ძველი დროშა ჩემი.
იქნებ გეგონათ,
აქამდე ვერ ამოვიტანდი?
აი, თუ ვერ ამოვიტანე!
დიდი ამბავი,
თუ ზედ ისე შეზელილა
სხვადასხვა ფერი,
რომ ვერ გაარჩევ, რა ფერებია,
ანდა თავისი რომელია,
სისხლის _ რომელი,
რომელი კიდევ _
გადმოხვეტილი შარაგზებისა,
გადმოხოხებული ბილიკებისა,
გადმოცურული მდინარეებისა და
გადმოლაფული ჭაობებისა;
რომელი _ მზის ნაფეხურია,
რომელი _ მთვარისა,
რომელი _ წვიმისა და
რომელი _ ქარისა.
დიდი ამბავი, თუ ისე გაცრეცილა,
გაფხეკილა და დაფხავებულა,
რომ, რაც უნდა აფრიალებდეს,
თავისთვის გადი-გამოდის მასში.
და რა თქმა უნდა, რომ მით უმეტეს,
ვეღარასოდეს წაიკითხავ,
ზედ რა ეწერა.