კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

ბამბის ძაფი 

გიორგი ნადირაძეს

სატკივარი გავრცობისა და ყოვლისმომცველობის ოკეანეში ჩადგა _
ისევ დავსივდი,
წვიმებისაგან ვერ გაშრა მიწა,
ვიღებ გულს ტირილით, ვაებით
და მაინც მთელი ღამეები არ მეძინება,
საავადმყოფოებსაც ესიზმრებათ აუტანელი სიმშრალე ხველების.
თითქოს ჰაერიც პროზით გაიჟღინთა,
საგაზეთო, მყვირალა პროზით.
ძალა არ მყოფნის შევისუნთქო რაც დარჩა სუფთა _
ლიტერატურული სახინკლეებით სავსე ქალაქში, 
რომელიც მეგობრებისაგან დაიცალა
და ახლა ფანჯრის მინაზე მხოლოდ 
აღელვებული იანვრის ქარი თუ დაგიკაკუნებს.

სივრცეებისა და დროის უკუნიდან
ვიღაც აფორიაქებული კითხულობს:
,,სად არის ძვირფასი მეგობრის სახლი?” 
_ მეგობარმა ამერიკა აღმოაჩინა!
და მიდის ასე,
გზას მისას დავარქვი გაქცევა,
და მიზანს არდაბრუნება.
მე კი ოცდაორი წელია უკვე და 
საკუთარი თავიც ვერ მიპოვნია.
იმ დღეს ვიჯექი,
გავცქეროდი სკოლის ფანჯრიდან სველ სახურავებს
და ერთადერთი სურვილი ტივტივებდა
გონებისა და გულის სიღრმეებში,
სურვილი მარად კათაკმევლობის _
ბავშვობაში კი მღვდლობაზე ვფიქრობდი
და რა ვიცოდი, რომ ეს თურმე ყაჩაღობასაც გულისხმობდა. . .

ვინ დაბრუნდა, 
და ვინ დაბრუნდება სამშობლოში
ზედმეტი ტვირთის გარეშე?
ადამიანები ქრებიან ისე, რომ ვერც იმახსოვრებ
და ვერც შეიცნობ,
ქრებიან როგორც ვარსკვლავები დილის ხაფანგში,
სწორედ, ურეალიზაციო სიკეთე მოინელებს ამ ჩვენს პლანეტას.
ამ ჯოჯოხეთშიც შეიძლება შეხვდე ადამიანს,
რომელიც მოსიარულე ედემი იქნება
და როგორც შენაკადი ჭაობში ისე შემოიჭრება,
გაჭრის ჩაფიქრების მინდორს მისი ფეხის ხმა.
მერე თუ გინდა დაირქვი ერეკლე,
ან ზაზა _ 
საკუთარ თავს მაინც ვერ გაექცევი,
ვერ გაექცევი რომ აქ მიწა უნდა თხარო
და ცქერას ცას თუ დაუწყებ, გადაქთელავენ,
ცოდვის პარტიას შეასრულებენ გზებზე,
რომელიც გათელა მტვერმა
და რომელმაც მეგობარი დაგიფრთხო.
ან დადგები ქუჩაში
და იმითაც იქნები ბედნიერი, რომ შეგიძლია წახვიდე სახლში,
სადაც არავინ არ გელოდება.

ხოლო ყვითელი ავტობუსების ქალაქს
აღარაფერი შეაშფოთებს,
მის მგრძნობელობაზე ვეღარაფერი იმოქმედებს,
მას მხოლოდ მშვიდი ადამიანები უყვარს
და სიყვარულიც ხომ პირობითობით არის მოსილი.
მე კი წერილების მაგივრად რატომღაც ყოველთვის ვიღებ დეპეშებს
და რისი შიშიც გავიშინაურე,
ის დამელოდა ყველა ქუჩის კუთხეში,
ესე იგი ცხოვრების დინების ყველა მოსახვევში _
და რაღა დამრჩენია, ბამბის ძაფზე, ჩირივით უნდა ავაცვა ყველა მოგონება
და ჩამოვიკიდო ყელზე, ან ოთახის უბნელეს, მივარდნილ კუთხეში,
იქ, სადაც არასოდეს მივუჩენდი ბინას ძვირფას მეგობარს.

??????