ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

უნდა დაგიბრალო... 

უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,
თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.
უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.

??????