კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

გზად შინისაკენ  

კარდიოლოგთან შესვლის წინ, საავადმყოფოში,
ჩემს თავს ვუთხარი,
მოდი, ვიმღეროთ რამე კარგი სიმღერა;
როცა გაუვალი ტყე ვიყავი 
ტკბილად გალობდნენ ჩემში ჩიტები, 
სანამ გამსხლავდნენ,
გამკაფავდნენ,
გამომხშირავდნენ.
თმაში ვიწნავდი საკუთარი ტკივილის ყველა ბწკარედს
და წარმოვიდგენდი ადამიანებს თუ როგორ სძინავთ.
ჟინჟღლავს სხეულს შიგნით
ყოველდღიური სატკივრები და სიმძიმეები,
ზღვებივით აღვსილი ვართ სევდით,
ხოლო სნეულებასა შინა განვლილ გზას ტკივილი ჰქვია.
გზა კი იქამდე გრძელდება, სადამდეც გაჰყვები...
და ყველაზე დიდი შანსი არის დახრჩობის
საკუთარი გრძნობების ზღვის გადაცურვისას.
ადრე უფრო საინტერესოც ვიყავი,
ახლა თბილისში ვცხოვრობ
და ბავშვები აქ, ყვირილით უხმობენ დილას,
აქვეა ომის მიერ გაშლილი კარვები
და ჩვენთან ღატაკთა უბნები არ არსებობს,
რადგან მთელი ქალაქი სიღატაკეა.
აქ მზეც უნდა დაიტირო _
დაფარული აქვს შავ ღრუბელს
ცის ცისფერი ღიმილი
და ყოველი ქალაქური განსაცდელი
სულს ხელში გაჭერინებს.
ისე, ტკივილი უფრო ადინჯებს ადამიანებს,
ბედნიერება ყოველთვის არ არის ფიქრში,
არც ახლიდან დაბადებაში
და არც ჩადენილი ცოდვის დავიწყებაში _
ჩვენი ხვალინდელი ხომ ისედაც გადაყლაპა
გუშინდელმა და დღევანდელმა.
როცა თვითონ გზებმა გადაუხვიეს
თავიანთ სავალ გზებს,
რით დამარწმუნა ხემ ლეღვისამ
საკუთარი ცხოვრების სიმწუხარეში?
თბილისში ვცხოვრობ
და მშვიდობა ალბათ, შორია,
გშურს ვიღაცის ლამაზი სიკვდილი
და გთხოვ,
ლეღვის ხის ტოტებზე აღსრულებულთაც
შენდობა მიეცი,
შენდობა მიეცი...
მე კი ჩემს მარტოობას ტკბილად უნდა ვუმღერო,
კარდიოლოგთან შესვლის წინ, საავადმყოფოში.

??????