ზანგური გიორგი
გაზიარება

გაზეთის მტრედი 

იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად.
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ, იქნებ ერთად შეკრათ.
წინასწარ გიხდით მადლობას!
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით,
სასწრაფოდ ყანწი შესვით.
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში.
ვამზადებ: თურქებს, არაბებს,
მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:
ქართულში,
ქართულში,
ქართულში,
ქართულში.
ვარ გამოცდილი მეზღაპრე,
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს
დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.
ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე.
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.
მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს
დროული მოსვლისთვის.
მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის.
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი _ 
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.
იყიდება ყველაფერი ის,
რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.
დამეკარგა ქარში ქალის თმა,
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა.
გაიხედეთ გარეთ! ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.
გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი.
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და დაეცა მიწას, ვით ფოთოლი ხმელი,
უფერო, უსულო განცხადების მთქმელი.

??????