ჩემს თანადედამიწელებს
არგრძნობის ქალაქში
სიყვარულს არ ცნობენ,
არ ცნობენ იმ ნაცნობ ხეივანს,
სადაც გაზაფხულზე კოცნები ანცობენ
და ნუში კვირტობას ზეიმობს.
წყვილები პაემანს
ნიშნავენ მოწყენით,
საათის ისარმა დროება გაცვითა,
ლურჯ ღამის ლარნაკში ყვავილებს მოწყდებით,
ყვავილებს მოწყდებით,
ცრემლებად ღაწვიდან.
აღარ მაქვს ქალების განწყობის ატანა,
ატმებით ვეფერე, დახორკლილ ატმებით.
ყანწივით ქვეყანა რომ შემომატარა!...
ზოგჯერ რა უაზრო სურვილით ატყდები.
მე მინდა გაჩუქოთ სამყაროს ნაწილი,
მე რომ არ მეკუთვნის
არცერთი მტკაველი.
არც მინდა, მეყოფა სამშობლოს მანძილი
ყანები, სიბრძნისგან დახრილი თაველით!
მე სუნთქვაშეკრული დავაკვდი ბასიანს,
აჯანყდა სისხლი და ძარღვებში ომია;
ვენახის დალალებს თმალერწამვაზიანს
ვენაცვლე, რა ტკბილი მტევანი ჰქონია!
ო, ერთხელ მე თქვენი ქეიფი მანახა,
რითი სვამთ _ ჭიქით თუ კრამიტზე მდინარით?
ვინ არის ის გამირი, მიწა რომ გალახა
და მთები დასივდა, გინახავთ, ვინ არის?
უსმინეთ, ქართველი ღიღინებს `გუთანოს~,
ხარები შეუბამს ნახევარმთვარეში,
ცა მინდა სახნავად რომ ჩამოვუტანო _
ვარსკვლავებს დათესდა დალოცვილ მხარეში.