აბაშიძე გრიგოლ
გაზიარება

უსამართლობა 

გაზაფხულს ხეთა ჯარიც თან ახლდა
ტყეს სად ჩააცვა მწვანე წვრილთვალა?! 
ხედავ, ბუნება ისევ განახლდა
მთა-ბარმა ფერი ისევ იცვალა

იქუხა ცამ და ღელე ღრიალით 
მოვარდა ყალყზე შემდგარ ზვირთებით
ცეცხლის გამჩენი, ნაკვერცხლიანი
ატმის ტოტებზე დასკდნენ კვირტები

ისევ გალობად დასხდნენ ფრთოსნები
ყაყაჩოს შავი შვენის ხალები
ყველას დაუდგა ჟამი ოცნების
განახლების და ფერისცვალების

შენც სიჭაბუკე უკანვე იხმე
მაგრამ ვაი, რომ დრო სჯის სხვაგვარად
არ დაბრუნდება განვლილი სიყრმე
არ გაშავდება შენი ჭაღარა... 

ცეცხლი სისხლს აღარ აახმიანებს 
და ნანობ როცა ასაკში შეხველ
რომ გაზაფხული ადამიანებს 
ცხოვრების გზაზე ეკუთვნის ერთხელ... 

იმ ერთისთვისაც უფალს მადლობა, _ 
განვლილზე აღარ გვმართებს გოდება... 
და მაინც არის უსამართლობა
რომ სიყმაწვილე არ მეორდება

??????