თოთაძე ლალი
გაზიარება

სარკესთან 

მე და შენა ვართ ისევ,
წვიმა კი ჩქარობს, ჩქარობს და ჩქარობს,
მე თუ მოვკვდები, გაქრები მყისვე,
მრუდე მინაში ჩამდგარო ქარო.
გისოსებივით ჩანან წვიმები,
გისოსებივით ჩანან ჭადრები,
და, რადგან მაინც გაიწირები,
სანამ ადრეა, ნუ გაავდრდები.
აღებეჭდება უხილავ ფოტოს
ეს აღზევება, ეს გაელვება,
ცა შეინახავს და მერე მოთოვს
მომავლის სისხლად და პაემნებად.
მე თუ მიყვარდა შენს სისხლში ცქერა,
მხოლოდ იმიტომ, რომ მზეს ვნახავდი,
მშვიდობით! _ არ ვთქვი სიტყვა ერთხელაც,
ვიმეორებდი მხოლოდ _ ნახვამდის!
მე ვკანკალებდი, თუ შენ დაღლილი
იყინებოდი მრუდე მინაში,
მე და შენს შორის იყო ნამდვილი
და დამნაშავე ყველას წინაშე.
მე თუ მოვკვდები, ვიღამ ჩაგხედოს
თვალებში, სულში და ყინულეთში,
ვინ დაიხსომოს, თუ როგორ ენთო
ეს აღზევება და ეს ნუგეში.

??????