თოთაძე ლალი
გაზიარება

როგორც ეგვიპტე 

ის სიყვარული, დაფარული ცრემლით და მტვრითა,
მეუბნებოდა, რას დამეძებ, კიდევ რა გინდა
და იყო ღამე იდუმალი, როგორც ეგვიპტე,
გამოხმობილი უძველესი სარკოფაგიდან.
მე დავინახე ჩემი თეთრი, გამხმარი ძვლები,
მხარზე გაედო ვიღაც მონას მშიერს და მზებნელს,
და ქურუმებმა უცნაური აზრით და გზნებით
ჩემს ბაგეებზე მომავალი ჩხრიკეს და ძებნეს.
თეთრ ჟასმინებთან შენს სიყვარულს ალბათ ეძებდნენ
ის ქალწულები უცნაური ფერის თვალებით,
მახსოვს სიტყვები მოცახცახე, როგორც თევზები,
ნილოსის პირას დაყრილები და შემკრთალები.
მე გავეყრები სახლს და ოჯახს, დავტოვებ ყველას,
რომ მოცახცახე ღამეებში დავკარგო კვალი.
ხსნა _ ხატავს ცაზე მოელვარე უფლის მარჯვენა,
ხსნა _ ვწერ მიწაზე საიდუმლო ორგიის კვამლით.
თავისუფლების მოკაშკაშე წუთთა მაგიერ
მე რას მომცემდა მეუღლეთა მკაცრი ორდენი,
ხან მუმია ვარ, ხან მხევალი, ხანაც მაგია,
ვკვდები, ვცოცხლდები, მიყვარდება და ვმეორდები.
არ ვარ ცოდვილი, ვინც მაწამა, მტანჯა და მიმტრო,
ამ სიყვარულში ჩაიფერფლა, ჩადნა, გაფითრდა
და დამაქვს სული იდუმალი, როგორც ეგვიპტე,
გამოხმობილი უძველესი სარკოფაგიდან.

??????