კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

ვინ იღიღინებს? 

ქალაქს თავლაში სძინავს, საუკუნეა,
ორთოდოქსებს ხომ ძალიან უნდათ
ძილში არაფერი დაესიზმროთ.
რატომღაც, აქ როცა წვიმს,
ფანჯრის მინები ტალახდება.
და თმის დაცვენიდან
ემოციების შადრევნებამდე
ასკდებიან ჩვენს გაშიშვლებულ მხურვალებას
კალენდარული თვე და დღეები.

თუმც დილა იდგა ხეობის კართან,
მაინც ღამესავით გავიარე დაბადებაშეყრილმა
ვიწრო წუთისოფელი.
არ გამოვიდა წერილი_
ვერ შევალამაზე სიტყვების საფრენი ბილიკები,
ზოგმა კი თავისი უხეში
“საფრენი ხომალდი” აფრინა ზეცაში
და დაუჯდომლების ალილუია
მოარგო თავისავე სიბეცეს.
არადა სოფელში ხელოვნებამდე აჰყავთ
ბუხრის დანთებაც კი,
ალბათ იმიტომაც უერთდება
ასე მსუბუქად და პოეტურად,
საკვამურიდან ამოსული ცეცხლის სული-კვამლი,
ზეცას და გარემოს.

მთელი ჩვენი ცხოვრება,
თითქოს, ვიღაც ბიუროკრატის კაბინეტის კარის წინ
გრძელ რიგში დგომაა_
აქ საბავშვო სიმღერებს მელოდიის თანხლებით
ვინ იმღერებს?
ვინ იღიღინებს?..
არსებობენ ყალიონის ამონასუნთქვით გარუჯულები_
აზრის თაყვანისმცემელები და დამფასებლები,
რომლებიც ფხიზლობენ, 
როცა ქალაქს თავლაში ძინავს,
საუკუნეა!

??????