კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

თვალების დახუჭვამდე 

ვეძებე დიდ ხანს,
უსულო კი არა,
უხილავი გადაფრენა -
ზედმეტი, მაგრამ მსუბუქი და ასატანი,
სიმსუბუქე წონის უარმყოფელი,
გრძნობა ქვაზე დასახლებული
და აღმაფრენა,
რომელსაც ბადალი არ ჰყავს,
ბრმების თავდაყირა სიმღერასავით
ყურებზე მოსიარულე
და ხსოვნა,
როგორც თაროზე ჩამომჯდარი 
ბავშვობის წიგნი.
კი არ ვიპოვე,
შემომეფეთა გაზაფხულის ამინდისავით,
ვეძებდი ჩემ სულს,
ჩემში შიგნით ვიკარგებოდი 
და სიტყვათა ალიაქოთში ჩაძირულს, 
თავზე მედგა გაურკვევლობა
კრულვის სახით 
და უკუნეთი ხმაურით სავსე.
იარაღში სევდის ტყვიები მედო,
მხარზე ტკივილის მასრებით
გადაკიდებული მივაბიჯებდი
წარმოსახული სოფლებისა და ქალაქების
არაკეთილმოსურნე გზებზე, 
ქუჩებსა და ზღვებზე.
იყო შეხვედრის მოლოდინი
და ყოველი შეხვედრის სხვაობა,
გამოთვლილი ღიმილები,
სუნთქვაში გაპარული ოხვრა
და ზმნების სიმრავლე, 
და ზმნების გაქანება,
როგორც გაჭენებულზე შემხტარი სიტყვა
და რეაქცია სხვის ნათქვამ სიტყვებზე.
მეზობლად დასახლდნენ
გამოფიტული ბედნიერებით აღტკინებულნი,
ლიანდაგების ხმაურით სავსენი,
დავარცხნილი აზრების ფრქვევის ოსტატები
და სარკესა და სასმისებში ხშირად არეკლილნი-
ხოლო ჭეშმარიტი სიმართლის მთქმელი
მხოლოდ წყაროა და მდინარე!
ვინაღვლე, რადგან
ყველა ჩიტი გაფრენილა ჩემი მკერდიდან,
ბუდეს აღარ დაბრუნდებიან,
დამოგზაურობს მათი ჩრდილი უკაცრიელ კუნძულებზე 
და ჭირს შეჩვეული 
ამ ტკივილსაც არად დაგიდევ ...
შემომხედე, ასეთიც გიყვარდე
და დამიმახსოვრე,
დამიმახსოვრე რადგან 
ხვალ ასეთიც აღარ ვიქნები
და მზერა ღვთისაც არ გამაწითლებს,
თუ გამაშიშვლებთ
უკუნეთი ღამეა ჩემი სხეული
და ვარსკვლავები აქ არ სახლობენ.
ბნელთა ტარიგს ვიყოფ,
ვუწვები სამხედრო აღლუმებს
და არა ღრუბელთა;
ან ფშატთა;
ან უხილავ გადამფრენთა.
დიდ ხანს ვეძებე 
და მიუხედავად აღმოჩენისა
თუ შემოფეთების,
წამოდგომას ვლამობ
საკუთარი სისხლის გუბიდან,
აქ ჰაერს ქვიშა ურევია
და ვიხედები სიბნელისაგან უკურნებელი 
ბაღდადის ქუჩებში,
იქნებ, მშველელი გამოჩნდეს,
გამოჩნდეს ვისაც ჩემს სიზმრებს მოვუყვები,
ჩავხედავ თვალებში სიცოცხლის დასანახად,
დედად წარმოვიდგენ 
და გავანდობ ოცნებას შინ დაბრუნების.
უნატიფესი გრძნობის ლოდინს შეჩვეული 
და შეგუებული,
თვალებს დავხუჭავ და
გადავაჯიბებ წარმოსახული სოფლებისა
და ქალაქების
არაკეთილმოსურნე გზებს,
ქუჩებსა და 
ზღვებს... 

??????