კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

თუთუნის ბოლის ღრუბელს 

საღამოს,
როცა აგრილდება,
როცა მარადიული დევნილობის საბურველით
იმოსებიან გზებზე მგზავრები,
მიწა გამოსცემს დღის განმავლობაში
დაგროვილ სითბოს.
ქალაქის ბავშვებიც უღმერთოდ დაიხარჯნენ
შადრევნის ჭუჭყიან აუზში ბანაობით,
ბევრმა გადაწყვიტა თავი პირწმინდად გადაიპარსოს,
რითაც წარსულის ტკივილის გროვებს 
დავიწყებას გადასცემს
და თვალებახელილთა სიზმრებს ბინდ-ბუნდით შემოსავს.

ეჰ, ადამიანი ყველაფერს ეგუება,
ახლახანს გამოვექეცი აგურის ტაძრიდან
ბერებს და მონაზვნებს,
ცხადად ვიხილე მარტოობის უდაბნოები,
მზის ცხელ გულზე დანაოსებნი.
ჩიტებიც მიწასთან ახლოს დაფრინავდნენ,
ალბათ იწვიმებს
და ამიტომაც ემზადებიან
შესაშური საქებარი სიტყვებისთვის
წყლების მხვნელები.

ყველაფერი იდუმალებით არის მოსილი,
შენდამი თქმულიც და არ თქმულიც
და ყოველ ღამით, თორმეტ საათზე,
მეშვიდე სართულის აივნიდან
წარმოთქმული აღსარებებიც,
და სიოს ამბორიც 
არის იდუმალი.

ცაში მფრინავი ჩიტების ჩრდილები
მიწაზე დაცურავენ მოწამეობრივი სიჩუმესავით -
და ვერც გამიაპრილეს,
და ვერც გამიმაისეს,
მე კი ნოემბერში დავიბადე,
როცა დედამიწას მარტოდ ტოვებენ,
ქრისტესშობამდე,
თვის ტკივილებთან ანგელოზები.

შარშან პირველად შევიგრძენი
თუ როგორ ვდნებოდი
რძესავით აჭრილი მდინარის სუნთქვაში
და როგორ შეიშალნენ გზების ცქერაში,
ტანჯვით შობილი
ჩემი თვალები,
ჩემი ხელები
და ჩემი შუბლი.

რომ გავიზარდე ნაღველი მტკიოდა,
მაგრამ, მაინც, ლუდში ვბანაობდი
და სიზმრებს კვლავაც ცხადად ვხედავდი.
ვიდექი მუდამ ჩარაზულ კართან
და ვცდილობდი იავნანების გახსენებას.

ტკივილი ისევ გვაქვს,
სულის ქარიშხლებიც ხშირად მკაცრად
გვისწორდებიან და
მოვიარე მთელი ქვეყანა _
გალილეიდან იუდეამდე,
საღამოს სიგრილის მოლოდინში
ქვიშაზე განვენთხე
იმედის ღეჭვით
და თუთუნის ღრუბლის ცქერაში,
თანამედროვეთა და მზის მცხუნვარების
სიმკაცრეში
და ჰეი, სადა ხართ
ვისთვისაც გასცემენ უწრფელეს ლოცვებს,
სად დაიკარგეთ?
ჰეი, სად დაიკარგეთ?!. 

??????