ყველა დავკარგე
I
ცხვრის ბინის ახლო ათასფრად აყვავებულ პატარა ბექობზე, რომელიც კოხტად შეკრულს თაიგულს ემსგავსებოდა, იჯდა ყვავილთა დედოფალი, სიმშვენიერის გვირგვინი, ჯერ ახლად გადაშლილი მთიულის ქალი და აღგზნებულის თვალით გატაცებით უმზერდა ყვავილების ჯგუფებს, რომელთაც ერთმანეთისათვის თავი თავს გადაედოთ და ასე ჩახუტულებს საღამოს ნიავზე ტკბილის, შეუშფოთებელის და შეუხამებელის ალერსისათვის მიეცათ თავი. ზევიდან-კი წყვილი, ერთმანეთის სიყვარულით გატაცებული პეპელა დაცქრიალებდა და იმის რჩევაში იყო, თუ რომელი ჯგუფი ყვავილებისა უკეთესს მასპინძლობას გაუწევდა და სულს გადაუშლიდა. ორი მოარშიყე ხან რომელს ყვავილების ჯგუფს დააფრინდებოდა და ხან რომელს. ისინიც მოარშიყეთა ყოველ მიტანებაზე სწყვეტდნენ ალერსს, უღებდნენ გულს და ნებას აძლევდნენ დამტკბარიყო წყვილი პეპელა მათის გამაცოცხლებელის ნექტარით და, როდესაც გულ-ასუყებული ორი მოარშიყე აფრინდებოდა ერთის ჯგუფიდან და ახლა სხვა ჯგუფს დაუწყებდა გარს ფრენას, ისევ ჩაეხუტებოდნენ და განაგრძობდნენ ტკბილს ალერსს.
უმზერდა გატაცებით ამას ამათ შუა მჯდომი ქალი და ტუჩებზე ტკბილი ღიმი უქროდა; ყელმოღერებული შესცქეროდა ამათს ალერსს და იმასაც გულში უღვივოდა სიყვარულის ნაპერწკალი. ხომ ამ ორის წლის წინად სწორედ ამ ადგილას აიღო ყვავილებისაგან მაგალითი; ხომ ყვავილებმა სუნთან ერთად გარდასცეს ამ ბუნების შვილს სიყვარულის თესლი, რამაც იმის გულში შესაფერი ნიადაგი იპოვა და ფესვები ღრმად და მკვიდრად გაიდგა. ბუნების შვილმა ბუნებისაგან აიღო მაგალითი და, როდესაც ამ ორი წლის წინად ესა და ის სწორედ ამ ადგილას ისხდნენ და, ორნივე გაჩუმებულნი, ყვავილების ალერსს თვალს ადევნებდნენ, თავის-და უნებურად გადახარა თავი და თავისი მთრთოლვარე ტუჩები მის ტუჩებს შეახო. რამ გამოიწვია ეს მოძრაობა იმათში, ისინი ამას ვერ მიხვდნენ და არც ამის გამოკვლევას გამოსდგომიან. ასე ჩახუტულები კარგა ხნობამდის იყვნენ და აჩქარებით სუნთქავდნენ. როდესაც გააშორეს ტუჩები, ორმავე თითქმის ერთხმად წამოიძახა: “ჩემო ყველავ”, და თვალი თვალს გაუყარეს, თითქოს სურდათ სამუდამოდ ერთ არსებად ქცეულიყვნენ.
უმზერდა ყვავილების ალერსს ქალი და აგონდებოდა ეს ამბავი, და ქალის დამამშვენებელი და უპირველესი ღირსება უმანკოებისა და კრძალულებისა - სიწითლე იმის ლოყებს არ შორდებოდა. ქალს ახლაც აჩქარებით უცემდა გული, უნდოდა თავ-დავიწყებით ჩაჰკროდა ისევ მეგობარს, მაგრამ როგორ მოეხერხებინა, როდესაც ის შორს იყო, როდესაც ესა და ის ამ ორი წლის წინადვე დააშორეს. ის ჯარის-კაცად გაიწვიეს და კენჭიც ერგო. მას შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ... “ნინიავ, ნინიავ!.. ჩემო ყველავ, რაისთვის არ იკითხავ შენთვის მკვდარს?!” გრძნობით წამოიძახა ქალმა და ისევ ისე მიტვრინდა. რამდენჯერმე გონებაში გადითვალა, თუ რახანი კიდევ უნდა იყოს ნინია ჯარის-კაცადა და როდის მობრუნდება. რა ღამესაც მობრუნდება, მაშინვე, ფიქრობდა ქალი, ჩემს თავსა სთხოვსო მამას და მერე-კი ვეღარავინ გაგვაშორებს. მაგრამ ამ დროს ელვასავით გაურბინა თავში აზრმა, რომ მამა ნებას არ მისცემს, რადგანაც ნინიას არავინა ჰყავს და არც არა აქვს-რა, რამდენისამე სულის ცხვრის გარდა, ისიც იმის მამისაგან მიცემული, როცა ის ამათ მეცხვარედ ედგათ. ცოტა არ იყოს, ამ აზრმა შეაფიქრიანა და შეაღონა. უეცრად გაუქრა ტუჩებზე ღიმი და სახე მოექუშა. “ნინიავ, ნინიავ, მამაიამაც რო ნება არ დამრთოს, მე თავს არ დაგანებებ, გამოვიქცევი, ყველგან წამოვალ შენთან!.. რა ვუყო, რო არავინა გყავს და არაი გაქვს! მე-კი მიყორხარ და...” გადაწყვეტით წარმოსთქვა ქალმა ცოტა ხნის დაღონების შემდეგ და ისევ თავი მოიმხიარულა.
- ქალავ, რას ჩაფიქრებულხარ?! - უკანიდან მოესმა ვისღაც ხმა. ქალმა მიიხედა უკან და იმის თვალს წარმოუდგა ჯარის-კაცი, ქართულის დრუჟინის ტანთსაცმელში.
- ბარამ, შენი კვნესა მე, საით გივლია?! მოხვედ მშვიდობით!.. - სიხარულით წამოვარდა ფეხზე და ალერსიანად დაუწყო მზერა.
- დამხვდი მშვიდობით! როგორ არიან თქვენები, დედა სად არის?..
- ვეძას∗ წავიდა და ჯერედ არ მოსულა. კარგად არის, შენი კვნესა მე!
- ვეძასა?
- ჰო, საით გივლია, ბარამ?
- სანადიროდ ვიყავ და ვერა მოვკალი-რა. მინდოდა უფროსისთვის წამეღო ნანადირევი, მაგრამ, დასწყევლოს ლომისამ, არა შემეფეთა-რა.
- სად უნდა წაგეღო?
- დუშეთს, სადაც ვარ.
- ახლა მიჰდიხარ?
- ჰო, შინ ჩავივლი და ფეხად ისევ გავბრუნდები.
- მაგრე ჩქარა რაისთვის მიხვალ, რატომ არ დარჩები ცოტა ხანს?
- განა ცოტა ხანია აქა ვარ. ერთი კვირაა, რაც შინ მოვედი და თუ ხვალ არ გამოვცხადდი, არ იქნების.
- მშვიდობით, ქალავ, დედაის მოკითხვა! - ცოტა ხნის ლაპარაკის შემდეგ გამოეთხოვა ბარამი და წასასვლელად გაბრუნდა.
ქალმა-კი რაღაც ყოყმანობა დაიწყო, უნდოდა ეკითხა რამე, მაგრამ ვერ ახერხებდა, სცხვენოდა. ბოლოს, როცა ბარამი კარგად დაშორდა, უკან დაედევნა და აკანკალებულის ხმით დაუძახა:
- ბარამ, შენს მზესა, ნინიას ვერ ხედულობ, ისაც სალდათად არ არის?!
- როგორ არა, სულ ერთად არა ვართ!
- როგორ არის?
- რა უჭირს, სმა და ჭამა არ აკლია და ქალებთან ქეიფი, - ღიმილით უთხრა ბარამმა.
- სტყუი, ის ქალებთან არ იქეიფებს! - წყრომით უპასუხა ქალმა და გამოტრიალდა.
II
დაღამდა. დიდი ხანია მეცხვარეებმა თავ-თავიანთი ადგილები მონახეს და ცხვარი დააბინავეს. სულ მაღლა მოზარდი დააყენეს, რომ ღამე ქვევით, ხევში, სადაც ბინა აქვთ, არ დაცხეს; მას მოაყოლეს თოხლობა, მერე ყოჩობა და სულ ქვევით, ზედ ბინის გვერდით, მეწველი ცხვარი დააყენეს. თითონაც დაიყვნენ და ზოგი მოზარდს მოუწვა გვერდით და ზოგი კიდევ დანარჩენებს. ძაღლებიც, მათი ერთგული მეგობრები, მეცხვარეებთან ახლო წამოეყარნენ და პატრონებივით ყურ-მახვილად სძინავთ. ყოველ ცხვრის დაფშვენვაზე, ყოველ იმათ განძრევასა და ფეხების ბარტყუნზე მძიმედ ასწევენ წინა ტოტებს და ასე დაყუნცულები ზემოდან მძიმედვე თვალით წრეს ავლებენ მთელს ბინას, და რაკი დარწმუნდებიან, რომ მტერი არსად არისო, განგებ ერთი-ორჯელ წაჰყეფენ და ისევ საძილედ მიეყრებიან.
ბინაში-კი მხოლოდ ცხვრის პატრონის ჯალაბობა მიწვა ქოხში და მათგანვე გაკეთებული ყველი თავით მიიწყეს. სულ სამი ქალი იყო: ერთი ცხვრის პატრონის ცოლი, მეორე იმისი გასათხოვარი ქალი და მესამე რძალი. ესენი ყოველთვის, როცა-კი ცხვრის წველის დროა, მთაში ამოდიან, რომ ყველი თითონვე გააკეთონ და აქ რჩებიან, ვიდრე ცხვარი არ გაშრება. ახლაც იმისთვის ამოვიდნენ და აგერ მეორე კვირაა, რაც აქ ცხვრის ბინაზე არიან ღამეცა და დღეც.
მიჩუმდა ყველაფერი. ცხვარმაც შესწყვიტა ფრუტუნი და ფეხების ბაკი-ბუკი, რაც ძაღლებს ძილს უფრთხობდა და მალ-მალ ზარმაცად შეაყეფინებდა. მარტო ნანასავით ეწვეთება ყურში აქ მყოფთ მთის წვერიდან ცელქად ჩამომდინარი წყლის ჩანჩქერი, რომელიც ჩამოკიდებულ მთის კალთებზე მარდად ჩამოხტის და მარგალიტებრ წინწკლებს ესვრის გარშემო უხვად ამოფეთქილს ყვავილ-ბალახებს. მთვარემაც უკანასკნელად გადმოხედა მთის წვერიდან ცხვრის ბინას და მძიმედ, თითქოს ენანება, რომ ასე მალე ანებებს თავს ამ მშვენიერ ბუნებასაო, ჩაეშვა. აგერ, იმისი უკანასკნელი მკრთალი სხივებიც გაიფანტა ცის სივრცეში და აქამდის გაცრიაგებულმა ვარსკვლავებმა კაშკაში მორთეს. ამ დროს მოისმა მთის ზემო კალთიდან, სადაც ბატკანი არის დაბინავებული, საამური ხმა სალამურისა, ჯერ მძიმედ და დაბლად, მერე ამაყად და მედგრად, როგორც მთიულის გული, და ბოლოს-კი ისევ მიწყნარდა, მიჩუმდა და წყლის ჩანჩქერთან შეერთებული ოდნავ-ღა გამოისმოდა იმისი ხმა. რაღაც ზეციურს საიდუმლოს მოგვითხრობდა წყლის ჩანჩქერთან შეერთებული სალამურის ხმა...
“ნეტავი, თევდორავ, არ მასმენდე მაგ ხმას! - წამოიძახა ქოხში ქალმა და გულაღმა გადაწვა. - რაი ვქნა, მე ბეჩავმა, რაი?!” მალ-მალ წამოიძახებდა ხოლმე ქალი და სასოწარკვეთილებით ხან ერთს მხარეს გადავარდებოდა და ხან მეორეს. თავი საშინლად უხურდა და თვალები უბრწყინავდა. ტირილი უნდოდა, ისე უნდოდა, რომ ასე თავის სიცოცხლეში არა მოსდომებია-რა, თითქმის, როგორც ამბობენ, ტირილი ყელშიაც ჰქონდა მობჯენილი და არჩობდა, მაგრამ იმის თვალებს ცრემლი არ ეკარებოდა. თევდორა-კი უფრო გულსაკლავ ხმებს ათქმევინებდა სალამურს და ბოლოს სულ კვნესის ხმად აქცია, რომელიც ქალს ყურს ეწვეთებოდა და სდაგავდა იმის გულს.
“ბარამ, ბარამ, რაი დაგიშავე, რაისთვის მასმინე?.. არა, ბარამ, ლომისის მადლმა, სტყუი, ცილსა სწამებ ნინიას, ის მე არ დამივიწყებდა, არა!.. ნინიაი მაგას არ იზამს!.. მე ის მიყვარს და!..” - წამოიძახა ქალმა, როცა თევდორამ ცოტას ხნობით სალამური შესწყვიტა, მაგრამ იმან ისევ ჩქარა ჩაბერა სალამურს და სამწუხარო ხმები ისევ ჩააწვეთა ყურში. ქალი გატვრინდა. ის უგდებდა ყურს და ხმის მაგიერად ყურში ესმოდა: “ნინია გატყუებს, ნინია გატყუებს!..” ამას ჩასძახოდა სალამურის ხმა, ხოლო წყლის ჩანჩქერი კვერს უკრავდა: “ჰო, შე ბეჩავო... ჰო, შე ბეჩავო!..” ქალმა ვეღარ გაუძლო ამ იდუმალ ხმებს და გიჟივით წამოვარდა. წამოვარდნისათანავე წამოიძახა: “არა, არა!.. ნინია არ მამატყუებს!..” “როგორ არა!.. როგორ არა!.. ხა, ხა, ხა!.. გატყუებს!” - მოესმა თავისი სიტყვების პასუხად ქალს... “ჩემი თვალით თუ არ ვნახე, არ დავიჯერებ, არა!.. ეხლავე წავალ იქ!” - ხმამაღლა წამოიყვირა ქალმა და ჯოხს წამოავლო ხელი...
- ვინა ხარ? - წამოიძახა ქალის ხმაურობასა და ფუჩუნზე გამოღვიძებულმა იმისმა დედამ.
- მე... - უპასუხა ქალმა.
- რაისთვის არ დასწვები, რას ფროტიალობ?! - შეუტია დედამ და გადაბრუნდა.
III
ქ. დუშეთის გამონაპირებით, ზედ გზატკეცილის პირად ორ-სართულიანი სახლები სდგას, რომელშიაც მოთავსებულია დუქანი და სადგომი ოთახები. წინ დიდი ბაკი აქვს. ეს დუქანი თავის სადგომი ოთახებით და ბაკით იმითია შესანიშნავი, რომ თბილისს თუ კავკავს მიმავალი არ ასცდება. ამის გამო დღე მუდამ სავსეა ხოლმე მუშტრით. ნამეტნავად საღამოობით მოატყდება ხოლმე ფურგუნები შიგ მსხდომითა და აქ ათევენ ღამეს. დუშეთის ლოთი-ფოთი ბიჭები, ხშირად ვითომ და “ბლაღოროდნებიც” გადმოდიან აქ საღამოობით და დროს ატარებენ.
კვირა საღამო იყო. კავკავიდან მომავლმა რამდენმამე დასაპალნებულმა ფურგუნმა ჟღრიალით შეიგრიალა ბაკში, საიდანაც მაშინვე გადმოლაგდნენ აჭრელებული კაბებით სხვა-და-სხვა სისქისა და სიმაღლის ლოყებ-დაბრაწული ქალები. ზოგი მათგანი ზემო სართულში ავიდა, ზოგი-კი დუქანში შევიდა და სასმელ-საჭმელი შეუკვეთა. მეფურგუნეებმაც დააბინავეს ცხენები და ისინიც საჭმლის ზრუნვას შეუდგნენ. ჩქარა გააჩაღეს სამოვრები და გარს შემოუსხდნენ. მოვიდა კიდევ რამდენიმე ფურგუნი.
არც დუშელებს დაუგვიანიათ. იმათაც კანტი-კუნტად დაიწყეს დენა, გაიმართეს სტოლები და დაიწყეს სმა და ჭამა. ვინც “ბლაღოროდნები” იყვნენ, იმათ ოთახებში შეჰყვეს თავი და იქიდან ულოცავდნენ ბალკონზე მსხდომ ქალებს.
ქვევით ეზოში სამმა ჯარის-კაცმა დაიდგა სტოლი და ღვინის სმა დაიწყო. გაიმართა საზოგადო სმა და ჭამა, რამდენიმე ჯარის-კაცი ხან იქ აეყუდებოდა და, ხან აქ: ისინი უმზერდნენ, მოქეიფეთ და პირს ნერწყვი მოსდიოდათ, მაგრამ რას იზამდნენ, როდესაც ფული არა ჰქონდათ ჯიბეში და, ამის გამო, ქეიფის ჟინი მარტო ცქერით უნდა მოეკლათ. კარგა ხანს შესცქეროდნენ და როდესაც მოეწყინათ ხმელად ქეიფი, შინისკენ გასწიეს იმ განზრახვით, რომ, როდესაც ფულს იგდებენ ხელში, აქ იქეიფონ.
- ეი, მათუშკი, ჩემთან წამოდი, აი ფულები! - შეჰყვირა ქვევიდან ერთმა ჯარის-კაცთაგანმა ზევით ქალებს, როდესაც რამდენსამე ჭიქის შემდეგ თავში შეუსხდნენ.
- ხა, ხა, ხა! - გადიხარხარეს ზემოდ ქალებმა: - გინდათ, რომ მანდ ჩამოვიდეთ?
- ჰაი, ჰაი, რომ გვინდა! - უპასუხა ისევ იმან.
ამ პასუხზე წამოდგა ერთი კარგა ჩასუქებული ქალი და კიბეზე მძიმედ ჩამოვიდა. იმას უკან მოჰყვა მეორე, ცოტა ამაზე მჭლე.
- ბარამ, კარგისები მოდიან, აი! - წამოიძახა ერთმა, როცა ქალები ამათკენ წამოვიდნენ.
- ლომისის მადლმა, ის ერთი საბნადაც გვეყვის და ლეიბადაც! - უპასუხა ბარამმა.
- მოდით, თქვენი კვნესამე, მოდით!.. - თითქმის ერთხმად უთხრა სამმავემ და ფეხზე წამოდგნენ.
ქალებმა იმათი ადგილი დაიჭირეს და ღვინო გადაჰკრეს.
- ნინიავ, მაიტა რამ, ჩვენც დავსხდეთ! - უთხრა ბარამმა და როდესაც ნინია დუქანში შევიდა, მეორეს მიმართა:
- ნიკოლავ, შენც გაქვს ფული?.. შინიდგან რომ ჩამოვიტანე, ვაი თუ არ გვეყოს.
- რამითი გაქვს?
-ექვსი.
- გვეყოფის, ბარამ, მეც მაქვს ორი. - უთხრა ნიკოლამ და ღვინო დაასხა.
ნინიამ გამოიტანა გრძელი სკამი და პირდაპირ ჩამოუჯდა ქალებს, რომლებმაც ეშმაკურად შეჰხედეს და რაღაც წასჩურჩულეს ერთმანეთს.
- ბედნიერავ, მოეწონევი! - უთხრა ნიკოლამ ნინიას და მუჯლუგუნი წაჰკრა.
ლაზღანდარობით და სიცილით ბლომად დალიეს ღვინო. ქალები ისე დაითვრნენ, რომ აღარ ესმოდათ, რას ამბობდნენ და რას არა, და უშვერის პირით ლანძღავდნენ ბარამს, ნინიას და ნიკოლას...
- ნინიავ, იმღერე რამ! - წასძახა ბარამმა და თითონვე დაიწყო.
“მთიელი ვარ და მთას წავალ,
იქ მყავს დედისა ძმანია!..”
ნინიამ და ნიკოლამ კიდევ მეორე უთხრეს და მწყობისად იმღერეს.
- გაჩუმდით, გაჩუმდით! - ხელების ფართხვით შეაყენა მომღერლები ჩასუქებულმა. - რა ტურებივით ჩხავით!.. აბა, ეხლა ჩვენ ვიმღერებთ, - სთქვა ისევ იმან და ეხლა თითონ დაიწყო.
- შენ გენაცვალე, მა ტუჩებში!.. - წამოიძახა ბარამმა და საკოცნელად მიატანა, როცა იმან სიმღერაში თავი ამისკენ გადმოიღო...
- უნამუსო!.. - უეცრად წამოიძახა ერთმა ვიღაცა მთიულის ბალღმა, რომელიც ის-ის იყო შემოვიდა და თოფ-ნაკრავივით ალაგობრივ გაშეშდა. უცნობი გაფითრდა და გაყვითლდა, როცა იმათ თვალი შეასწრო, და ტანის ცახცახი აუვარდა.
- რაისთვის არ გინდა მაკოცნინო, ქალავ! - ალერსიანად უთხრა ბარამმა, როცა ქალმა ტუჩებზე ხელი მიიფარა და საკოცნელად გაწვდილი და დამზადებული ტუჩები იქით მიიღო, რაზედაც ნიკოლამ და ნინიამ სიცილი ასტეხეს.
- არა, შენ არ გაკოცნინებ! აგერ, ის მოვიდეს, იმას ვაკოცნინებ, იმას ჟუჟუნა თვალები აქვს! - უთხრა ქალმა და ნინიაზე მიიშვირა თითი.
- ბილწს, ის უნდა მიიყვანოს! - კანკალით წაიბუტბუტა ყმაწვილმა და ერთი ნაბიჯი წინ წამოსდგა.
- ეხლავ, შენი კვნესამე! - წამოიძახა ნინიამ და გვერდით მოუჯდა. ქალმა გადუღო კისერი და ნინიამაც გატაცებით კოცნა დაუწყო.
- უნამუსო! - წამოიძახა ბალღმა და ფოცხვერივით ხანჯალ-ამოღებული გადახტა ნინიასაკენ.
ყმაწვილმა ხელიც ამართა, უნდოდა დაეკრა ქალისათვის, მაგრამ ამ დროს ბარამმა მკლავი დაუჭირა.
- რას ჩადი, ბალღო? - შეუტია ბარამმა და იქით მიაყენა.
ყმაწვილი გატრიალდა, რა-კი ხანჯლის დაკვრა ვერ მოასწრო, და ამოღებული ხანჯალი ისევ ქარქაშში ჩააგო.
- ბალღო, რისთვის გინდოდა მოგეკლა? - ჩაჟინებით ჰკითხა ნინიამ, როცა ყმაწვილთან მივიდა და ხელი დაუჭირა.
- ხელი უშვი!.. შენ წადი, აი, ის უნამუსო ლოშნე!.. - ამაყად უპასუხა ყმაწვილმა და ხელი გააშვებინა.
- ბალღო, ბედის-წერამ ხომ არ აგიტანა?!
ნინია რომ ყმაწვილს ელაპარაკებოდა, ბარამი და ნიკოლა ისევ მოუსხდნენ გვერდით ქალებს და სიმღერა დაიწყეს.
- უნამუსოები! - წამოიძახა ყმაწვილმა და გაბრუნდა.
- ბალღო, ბედის-წერამ ხომ არ აგიტანა-მეთქი?! მე ცოტა მეყოფის, მთიული ვარ!
- მთიულია!.. - დაცინვის კილოთი წამოიძახა ყმაწვილმა. - შენ მთიული არა ხარ, არა!.. მთიული მაგას არ იზამს, რასაც შენ ჩადიხარ! წადი ლოშნე აი, ის უნამუსო!
- იყუჩე ბალღავ, თორემ აი ეხლავ თავს გაგაგდებინებ! - შეუტია ნინიამ და ხანჯალი ამოიღო.
ყმაწვილი მოტრიალდა იმისკენ და ლმობიერად უთხრა:
- ნინიავ, ნინიავ, მამკალ, ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია!
ნინიას როგორღაც ეცნობა ეს ხმა, გაშრა და გონს ვერ მოსულიყო, თუ ეს ხმა სად უნდა გაეგონა.
- ბალღავ, მითხარი, საით მიცნობ?
- გიცნობ, ნინიავ, და შენ-კი ვეღარ მიცან?
- მითხარ, ვინა ხარ? - კანკალით ჰკითხა ნინიამ.
- ვეღარ სცანი შენი მარო?
- მარო!.. - წამოიღრიალა ნინიამ და მოსახვევნად მიეტანა, მაგრამ მარომ ამაყად ჰკრა ხელი.
- არა, მე შენი მარო აღარა ვარ!.. აგერ შენა ის ლოშნე!.. - თითით ქალზე ანიშნა და თითონ-კი გარედ გავარდა. ნინია გაშტერებული დარჩა. ვერ მიხვედრილიყო, ცხადი იყო ეს ამბავი თუ სიზმარი.
IV
ქალი გავარდა და უგზო-უკვლოდ ხან აღმა ეცა და ხან დაღმა. ისე გამალებული გარბოდა, რომ კაცს ეგონებოდა, უკან მტერი მისდევსო. ქალი ჰფიქრობდა, ეშინოდა, რომ ნინია არ დასდევნებოდა და გზაში არ დაეჭირა. მირბოდა და უკან აღარ იხედებოდა. გაირბინა მთები, ტყეები და არ იცოდა კია, სად მირბოდა. უეცრად ავიდა ერთი მთის წვერს და ქვევით ჩაქანება უნდოდა, მაგრამ მთის მეორე მხარე მოფლეტილიყო, რომლის ძირშიაც ადიდებული არაგვი მოსჩქეფდა და მოჰქუხდა.
ქალი შესდგა. გადახედა არაგვს და ტანში ჟრუანტელმა გაურბინა. ცოტა ხნის შემდეგ ცივმა ოფლმა დაასხა და კანკალმა აიტანა. “სადღა წავიდე, რაისთვის-ღა ვიცოცხლო?!” - წამოიძახა ქალმა და ქვითინი მორთო. ქვითინი ხმით ტირილად გარდააქცია, რასაც არაგვის შუვილი ბანს აძლევდა. ტიროდა თავის, ჯერ გაუშლელს, ქალობას, სიცოცხლით გაუმაძღრობას და ესალმებოდა წუთი-სოფელს. “ნინიავ, ნინიავ!.. - წამოიძახა ქალმა, როცა ტირილით გული იჯერა: - რაისთვის მამკალ?.. დაიწვი ჩემი ცოდვით... არა!.. არა! ლომისავ, ნუ მისმენ!.. ნუ დაჰწომ ნინიას, აცოცხლე დიდხანს და ბედნიერად ამყოფე!.. ნინიავ!.. ჩემო ყველავ!.. არა, ყველაი აღარ მყავს!.. ყველაი დავკარგე!..” - წამოიძახა ქალმა და გადაეშო კიდეც არაგვში, რომელმაც ხარხარით დააღო პირი და საჩქაროდ ჩანთქა.
1892 წ.