კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

უძილო ღამეთა სიზმრები 


ლახვრით დავსდევდით
სიფრიფანა, უთეთრეს ღრუბლებს,
საუკუნეთა წინ გაურკვეველი ფერის
სისხლისაგან რომ დაიცალნენ.
ვუკოცნეთ ხელები ფერწასულ თუთის ხეთ,
წუხილს ვამბობდით შეცდომებისთვის,
რომელთაგან თავი ვერ დავიხსენით.
უკანასკნელი სინანული გავანდეთ იარაღს,
ან ბაწრის ყულფს,
ან საწამლავს.
ჩავწექით უკვე _ 
ჩვენ საწოლი მოგვიხდა მიწის,
მიწა რომ იძვრის, ეს ჩვენ ვსუნთქავთ ჩვენი ფილტვებით,
რომლებიც სიცოცხლეშივე დავიხეთქეთ მოთქმით და გოდებით,
ვსუნთქავთ ჩვენი მკვდარი, ვიწრო ფილტვებით.
ეს ჩვენ ვმღერით უძილო ღამეთა წიაღში,
ჯოჯოხეთივით ჩამაფიქრებელ და მწველ სიმღერას,
რომელიც სავსეა სევდით – 
დაკარგულ სიყვარულზე.
არ აყვავებულ ბროწეულებზე.
არ წაკითხულ წერილებზე.
არ თქმულ ლექსზე.
არ გამხელილ გრძნობაზე.
ღალატის სახეში გაწნილ სილაზე.
მოტეხილ ფრთებზე.
გატეხილ სიტყვაზე.
ქალწულთა ნელსურნელებასა და
სინაზის ღიმილზე.
წვიმის დარდიან მონოლოგზე.
თოვლში გაშლილ ქოლგებზე.
მთაში გავარდნილ ექოზე.
შადრევანთა სიმღერებზე.
ქარიან ქალაქებზე.
დაკარგულ მეგობარზე და
დაკარგულ სამშობლოზე.
ტკივილის განცდაზე.
შიმშილის სიმძაფრეზე.
ნატვრის ხის სიმძიმეზე.
ამაო ლოცვებზე.
ამაო ფიქრსა და გარჯაზე.
არ გაზრდილ ბავშვზე, 
მის უძირო თვალებზე.
არ გამომცხვარ ობლის კვერზე.
დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე.
ჭაღარა თმის ფილოსოფიაზე.
მოხუცთა ნაოჭების დამწერლობაზე.
გამოწვდილ ხელებზე.
ასაკის დარდზე და სიბრძნეზე.
ბედისწერის სიმკაცრეზე.
წამლის სიმწარეზე.
მოულოდნელ ჭირზე.
გაუპატიურებულის კვნესაზე.
დილეგის სინესტესა და წკვარამზე.
დენთის მძაფრ სუნზე.
უფსკრულთა ძახილზე.
მიცვალებულთა დუმილზე.
ნიღბების თეატრზე.
სახელის გატეხვაზე.
ცრუ დაპირებებზე.
დაკარგულ სიმშვიდეზე.
სიჩუმის გაბზარვაზე.
ჭორის სისაძაგლეზე.
ყრუ მუსიკოსებზე.
მარტოობის სიოსა და 
ყოფის დაუდევრობაზე.
დროის სისასტიკეზე.
გზების უსასრულობაზე და
სიმღერა, რომელიც სავსეა სევდით –
ადამიანთა ცხოვრებაზე,
რომელმაც მოგვარგო საწოლი მიწის,
საჩივრები გვაწერინა პოეტებს,
რომლებსაც მიწაშიც ვმღერით,
დახეთქილი, ვიწრო ფილტვებით. 
ეს ჩვენ ვმღერით უძილო ღამის წიაღში,
უძილო ღამეთა სიზმრებს,
როდესაც ჯართისკაცებმა მოიპარეს ყველა ბიუსტი.

??????