კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

ყოფითი გეოლოგია 

თავს ზევით დეკემბრის ქარი ხმაურობს.
ბადეგაშლილი მოციქულივით ვდგავარ ორმოში.
მიწას ვთხრი შიშველი ხელებით.
სარკმელს ვჭრი მიწაში,
ამოსაგმანს, ამოსავსებს, მიწადასაყრელს.
სადაც ვერც ქალების მოთქმა ჩამოაღწევს და
ვერც საკმევლის სურნელი და
საკურთხის სუნი.
თოვს.
თოვლი ანათებს ამობურცულ სასაფლაოებს.
სასაფლაოები მიწის ძუძუებია და
ვიჭერ სიტყვებს ღამის გაუგებრობიდან,
ვმღერი მამის სიმღერას -
გვამსა,
გვამსა,
გვამსა ჩემსა...
თან ვთხრი,
თან სიცივეს სიმღერით ვატყუებ.
დასამარხი უნდა დამარხო.
არ უნდა გახრწნა,
არ უნდა ააყროლო.
შენვე უნდა კლავდე,
შენვე უნდა უთხრიდე,
შენვე უნდა მარხავდე.
არ არსებობს სიქველე ამაზე დიდი,
ამაზე მაღლა ჩიტიც ვერ დაფრინავს,
ამაზე მაღლა მხოლოდ სამოთხეა,
ღრუბლებიდან შორს და
ისიც სიზმარ-წარმოდგენებში ამოზრდილი, აყვავებული.
სადაც არც ერთი ქუჩა არ მიდის,
სადაც ყველა მისამართი გამოგონილია.
ვინც მეტი გასცა,
რა მიიღო,
რა დაუფასდა?
ვინც სხვა იყო,
სხვანაირი, თავისნაირი.
სიკეთისკენ გადახრილი,
სიყვარულისთვის მოწოდებული.
ვინც ყველაფერი თავის თავში არ აიზილა,
ისე, თავიდანაც იყო ქაოსი, ეს მერე გაჩნდა სინათლე.
ვინც არც ღრუბელს გავდა და არც მიწას.
ვისაც არ უნდოდა ცრუ სამოთხე-წარმოსახული,
აქ უნდოდა,
სადაც იყო, სადაც ცხოვრობდა.
აქ ჭირდებოდა მოწყალე და სამართლიანი,
ამ მზისქვეშეთში -
თორემ, იქ ისედაც ყველაფერი თეთრია და
ყველა ანგელოზია.
ვისაც ტალღისა და ნაპირისა ერჩივნა,
სიტყვაც, საქმეცა და სიყვარულიც,
არ უნდოდა ეს ოღრო-ჩოღრო თეოლოგია.
ეს ჩემიც ყოველთვის შინ ასეთ ამინდში ბრუნდებოდა,
ქარი ტანზე რომ იხვევს და იდნობს ფიფქებს.
კუნაპეტ ღამეში,
თვალახელილი გზას რომ ვერ გაიგნებ.
მოდიოდა პერანგის აწეული საყელოთი,
უმეტესად თეთრით.
და საყელო იყო მასზე მტკიცეც,
მასზე ამაყიც!
ისიც ჩემსავით მამამისის სიმღერას მღეროდა -
გვამსა,
გვამსა,
გვამსა,
გვამსა,
გვამსა ჩემსა...
მერე ყველანი ცხედართან ვიდექით.
გამოვალაგეთ დამტვერილი ხატები.
გადავაფარეთ ყველაფერს ფარდები,
რაც კი რამეს აირეკლავდა.
ყველა დუმდა.
ყველა საკუთარი სიჩუმიდან იყურებოდა.
გარეთ და შინაც დეკემბერი იდგა, ქარიანი.
მე მქონდა იმედი,
ოჯახს აუცილებლად დაუბრუნდებოდა ბოზებში წასული მამა.

??????