ჩვენი გულები
ყველაზე დიდო კარდიოლოგო,
რომელიც ხსნი და იხედები ჩვენს ცივ გულებში,
რომელიც პირველი იგებ ჩვენს სნეულბებს
და ყველა განზრახვას -
ბოროტს თუ კეთილს.
აჰა, იხილე
სიშავე ჩემი დედიშობილი
და შფოთი ჩემი,
და ღელვა ჩემი,
ხიბლი ფუჭად გაფანტული და დაკარგული.
ეძებე ჩვენში,
ჩვენივე სურვილების
ჭკნობის მიზეზები,
უარყოფითი ემოციის გამოძახილი,
შურის ჭირნახული
და როგორ ვცხოვრობთ
ქალაქ ძილში და
ქალაქ ღვიძილში,
სადაც ღიმილი, მცირედიც კი, ზეცის ტოლფასია,
რომელიც ასე ძვირად მოსაპოვებელი გაგვიხადე.
და როგორც ჩვენი გულები,
იხილე ჩვენი ქალაქის გაწაფული ტუჩების პროსპექტები,
დახშული ყურების ქუჩები.
როგორ მოედინება სისხლი წითელი
და სისხლი მდორე,
როგორც იორდანე,
ასე მშობლიური და ასე ახლობელი.
აჰა, იხილე
და შეაფასე,
ჩვენი ცივი, შავი გულები!