შინდაბრუნება
დღეს შენ სახლში ხარ, სკამებია უდავოდ სახლში,
რბილი სკამები, ზოგიერთზე კიდეც მინდება
ფიქრი, ძალიან რბილი ფიქრი, დავასახელებ
კედლებსაც, რაკი პირების და პირსაწმენდების
სილბოა მათზე, დიდი სილბო და უკვე ჩემთან
შორი და ძველი მუსიკაა, სიჩუმე, თითქოს
ღმერთებს წინასწარ დაუკვეთეს, ჰერმეტულ გულში
რომ ბგერა-ბგერა ჩაიმარცვლოს და ჩამითუთქოს,
ჩემმა `გრძნეულმა~ მეგობრებმა, სახლშია ბობიც,
ბოლო დროს ოდნავ შეიცვალა ბობი და ხშირად
უყურებს გრძნობებს, როგორც რაღაც საშინელებებს,
რაღაც კოშმარებს, მოკლედ, ახლა ყველა სახლშია
და ამ დიდებულ სახლებს შორის მილიონ ვერსზე
გაჭიმულია ექსტრემული დაბერებისთვე,
ქალაქებია ცარიელი, მით უარესი
ქალაქებისთვის, სკვერებისთვის და ბარებისთვის,
თორემ ამ დიად სახლებს შორის ჩაწყობილ ვერსებს
(ამ გადასარევ სახლებს შორის, ანდა სადგურებს
შორის) სიბერის მიკრობების თეთრი ექსპრესი
ბოლო ვერსამდე აბითურებს და ანადგურებს
და ისე ძლიერ ერთადა ვართ ხანდახან, თვალში
ისეთი მწველი კადრებია, რომ გაყინული
მუჭებით კიდეც შეგვიძლია ვიცეკვოთ ვალსი,
რბილად და თითქმის უშეცდომოდ, არგენტინული.
სახლშია ბელა და ჩემს სახლში იზრდება დარდი
და დარდი უკვე იმხელაა, რომ მინებს ამტვრევს
და მოჩანს ღამე, უამური ფიქრის ბასტარდი,
რკინის მესრამდე, ესე იგი - ჰორიზონტამდე.