ში-ში
ჩაკეტილ წრეში, სიჩქარეში, შიშში, საფოსტო
ყუთში, კუთხეში, აკვარელში, ჭიქა ღვინოში,
ყავის ჭიქაში, ძილბურანში, მთაში, მამაში,
შვილში, თვალებში, პირველ რიგში, შენში, ორმოში,
სახლში, ცოდვაში, მშვიდობაში, ნავში, ბანქოში,
ჩრდილში, რენტგენში, ანარეკლში, ორიგინალში,
მოგონებებში, ცაიტნოტში, ფიქრში, ბუხარში,
მთელ ცხოვრებაში, მით უმეტეს, ამ ორ აბზაცში,
ვერ მოახერხე და თავს თავი ვერ მოუყარე.
სამ სვლაში, თვლაში, ნაბიჯების თვლაში, სიგრძეში,
რიტმში, ხუმრობა-ხუმრობაში, ქალში, წვიმაში,
ფანტაზიებში, კონრაჟურში, ობიექტივში,
სინამდვილეში, თავის დღეში, შუქში, ყანაში,
სხვა სამყაროში, სხვა მხარეში, დროში, სფეროში,
რა ჯანდაბაში, სად სიკვდილში, როლში, ღამეში,
ციკლში, ზონაში, სისრულეში, მაინც მოლოდინ-
მოლოდინებში, მდინარეში, სხვა მდინარეში,
ვეღარ გახვედი საკუთარი თავის ბოლოში.
ვერც დასაწყისში, ვერც ფინალში, გულში, ვენაში,
თამაშში, კურსში, თებერვალში, ხეში, კომფორტში,
ქვაში, ლარნაკში, რა შუაში, შუა ქალაქში,
მტვერში, ნიავში, ხეთა ჯარში, რკალში, რეზერვში,
შენს ხელში, თვალში, ამპლუაში, ღია ფანჯრებში,
მაქც-ფათერაკში, ბავშვობაში, ვალში, საფრთხეში,
ჰაერში, პლანში, სხვის ბოსტანში, წყლებში, ჩექმებში,
ცხადში, სიზმარში, საბოლოო ჯამში, პრინციპში,
ვერ მოახერხე და თავს ვერსად ვერ გაექეცი.
ყველა ამინდში, პროკრედიტში, ზოგ შემთხვევაში,
ეშხში, მიზანში, ათიანში, ფასში, ვექტრაში,
გასულ კვირაში, შემდეგ ტურში, წამში, ფერებში,
ღია ყვითელში, სიმწვანეში, კარში, ნაღველში,
თაფლში, სიაში, ვერსიაში, ვერსში, ვერსალში,
საგონებელში, ერთ ამბავში, ერთ-ერთ მათგანში,
ბინდში, მოდაში, სინანულში, ზურგში, როდისღა
გათენდებაში, ამ გრაფიკში, ამ ყველაფერში,
საკუთარ თავთან სხვაობაში ისევ მოდიხარ.
კლოუნში, ჭირში, იდიოტში, ხელში, რომანში,
სუფთა წერაში, მასტერ-კლასში, მეორე პირში,
სახელობითში, გაურკვეველ ვითარებაში,
აკად-ნუსხურში, ავანგარდში, ტონში, სიტყვაში,
ველში, დუელში, სტიქიაში, ცეცხლში, ზედხედში,
ხმაში, მინორში, ბენუარში, გუნდში, დუეტში,
ქარში, ლაივში, ნატურაში, აღმართში, შარში,
ამდენ ჯახირში, ამდენ ხანში, ამდენ რამეში,
ამასობაში, შეიძლება აღარც კი დარჩი.