*ბიოგრაფია (გ.მ)
მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში( ახლანდელი თიანეთის რაიონი) .1936–1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს. დაკრძალულია ბელარუსიში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.
მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები"; ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ.
გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975).
მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა–ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.