* * * "და როცა მარტო..."
და როცა მარტო, საკუთარი თავის წინაშე
რჩები და გრძნობ რომ ყველაფერი ილუზიაა.
ცნობიერების ნაკადივით მოდის მირაჟი,
რომ საკუთარ თავს მწუხარება გაუზიარო.
უთხრა დამშვიდდი, რატომ სტირი? მოზიარე ვარ
და სიკვდილივით ჩააცივდე გაბზარულ სარკეს.
მერე ადგე და მხილებული ბოზი ქალივით
მოჭრილი თავი, მისუსტებულ მუხლებში ჩარგო.
რომ მოღალატეს, შვილების და მოხუცი მშობლის,
მკვდარი შვილების, მომლოდინე პოეტი მამის.
აღარც გრცხვენია, რომ ნახევარმსოფლიომოვლილს
არსად გაქვს სახლი, გადაშენდე უძილოდ ლამის.
აღარც საწერი მაგიდა და აღარც საწოლი,
აღარც ოთახი, გაბოლილი მალბოროს კვამლით.
და
დღეს მეხუთედ გითხოვდება ძველი საცოლე,
რადგან მეოთხედ დაეღუპა მეუღლე წამლით.
აღარც ლოდინით ფანჯარაზე მიმჭკნარი დედა.
ვალპურგის ღამე, ჩაძირული გემების გეზი.
და უნებლიედ აგატირებს პატარა ხე და
პატარა კედის თეთრ ბიკინით დაკრძალვა ხეზე.
და ასე მარტო, საკუთარი თავის ამარა
რჩები და ღმერთით დაღლილ თვალებს
ღმერთსვე აფარებ.
და ერთადერთი მისამართი რჩება სამარე
უსახლკაროთა უანგარო თავშესაფარი.