როგორა ხარ?
"ცა რომელსაც ლექსივით კითხულობენ",
როცა არ უნდა აიხედო,
ყოველთვის
ცამდე მართალი,
ჩემი შეყვარებულის თვალების ფერია.
ჩემს შეყვარებულს
მუქი ცისფერი თვალები
და
ციური ღიმილი აქვს.
როცა თბილისი
თავის დროზე ვერასოდეს იღვიძებს,
მეგობრის საფლავზე დაწერილი სტროფებივით
სევდიანია.
რომ ვინმე ზედმეტად პოეტმა ადღეგრძელოს,
მერე ადგეს
და
ბოკალში ვერმუტივით გამოცლილი ღამე,
იმ იმედით, რომ ისევ დაბრუნდება,
თვალს და ხელს შუა
გააპაროს.
რომ მოგონილმა მემაწვნემ
დილა უთენია დაიბღავლოს,
რომ მოგონილი მამა
სამსახურში წავიდეს,
რომ მოგონილმა დედამ
ნამძინარები თვალებით
და
ფინჯანი ყავით გააცილოს.
რომ ჩემი შეყვარებულის თვალების ფერი ცა
ისეთი ახლოა,
უნებლიედ ფეხის წვერებზე მინდა ავიწიო,
კისერი მოვიღერო
და ჯერ კიდევ ძილისგუდა ვარსკვლავებით
დაკოპლილ ტუჩებზე
''მიყვარხარ''--მეთქი, დავაწერო.
ამას წინათ
მოვიდა და
წვიმის წვეთებივით
მთელი ღამე მეჩურჩულებოდა,
ისეთი გულახდილი იყო,
ვერც კი შევკადრე,
მე ამ ენაზე
ძალიან ცუდად ვსაუბრობ-მეთქი.
რომ გაათავა,
მაშინღა მიხვდა
ბევრი არაფერი მესმოდა.
ასეთი ბედი მაქვსო,
ვისაც რა არ უნდა ვუთხრა,
ვერავინ გამიგებსო.
მე კიდე ჩავჩიჩინებ,
მე ხომ გიგებ,
მე ხომ თანაგიგრძნობ?
მეტი რაღა გინდა?!
ვერ ხედავ?
მე ადამიანი ვარ
და
ამოდენა ქვეყანაზე
ხმის გამცემიც აღარავინ შემრჩენია.
მე ადამიანი ვარ
და
ამოდენა ქვეყანაში
თავი ვერავიზე მიმიყრდვნია,
რომ
გულაჩუყებული,
ბავშვივით ავზლუქუნდე.
და უარესიც,
ამოდენა ქვეყანაზე,
მე ხომ მართლა არაფერი გამაჩნია?!
უკვე უსაშველოდ გაწელილი სიკვდილის გარდა,
რომელსაც შავი ლაბადა აცვია
და ყოველ ღამე სასთუმალთან მიზის,
ყოველთვის პროფილში და ყოველთვის მდუმარე.
არადა ,
იმ დღეს ვეუბნები,
ოღონდ რამე სთქვი
და თუ გინდა
იმ შენს საიქიოს
ხელში აყვანილს ჩაგარბენინებ-მეთქი.,
მაგრამ ვინ გისმინა?!
ასე აქვს ნაბრძანები.
სადღაც, მაგისიც მესმის.
ჩვენ ხომ ყველა
ვიღაცის მიერ
უნაკლოდ "შესრულებულ"
დრამას ვთამაშობთ?!
მერე ბატონი გაუმართლებლობა?! -
- ჩემი პირადი დაცვა,
რომელიც
გულის ფეთქვასავით
დედის მუცლიდან თან მსდევს
და მოგონილი მშობლებივით
გვერდიდან არ მიშორებს.
ან ფილტვებში
ჟანგბადივით ჩაგუბებული მარტოობა?!
ერთი სიტყვით,
ცა, რომელსაც ლექსივით კითხულობენ,
გამეცალა
და იმის მერე
აღარ დაბრუნებულა.
მოწევა მომინდა,
მაგრამ ბოლო ღერი სიგარეტიც,
ქუჩაში რომ გიჟი ქალი შემხვდა,
იმისთვის მიმიცია.
აი, მთელი შენი-''როგორა ხარ.?"