დანები და ლექსები
არ მასვენებენ ვარსკვლავების მკრთალი ალები
ვით ოცნებები დაცემული შენს ნაზ ბაგეზე...
თვალებდათხრილი ირემივით დავიარები
და როგორც სიზმარს საყვარელო ისე დაგეძებ.
ისე დაგეძებ ვით მწყურვალი ნუკრი ნაკადულს,
დაგეძებ ისე ვით ლამაზებს ძველი მხატვრები...
და მე არ ვტირი! დღეს არაფერს ვტირი დაკარგულს
წავალ მტკვრის პირას, სიყვარულით ისევ დავთვრები.
და სულ ერთია ძველებურად რომ არ ვართ ერთად...
და სულ ერთია გიყვარდი თუ არ გყვარებივარ...
ჩემმა გულმა ხომ შეგისისხლა და გაგაღმერთა?!
დღეს კი შენს მკერდზე დაცემული, წვეთი ცრემლი ვარ.
გეთაყვანები...
სიკვდილამდე გეთაყვანები...
გეალერსები...
სიგიჟემდე გეალერსები...
რა ვქნა? არაფრით რომ არ ასცდა
ჩემს გულს დანები,
შენს კი
ლექსები.