(მე თუ მოგძებნე, მოგძებნის ისიც...)
მე თუ მოგძებნე, მოგძებნის ისიც,
ვინც უჩემოდაც იცის სადა ხარ,
ვინც მეკავშირე ცისა და მიწის
ფრთოსანს წააგავს, წერილს გაგატანს,
შენი ვებ-გვერდი ოდესღაც ვნახე,
ოდესღაც სახელიც სხვაგვარი გქონდა,
გავდი ლაბირინთს, ციფრულ ვენახებს,
ინფრაწითელი სხივივით ქროდა
ქარი, შენს თავზე, შენს შარავანდზე,
მკრთალი ხატწერით გამოისახა,
შემატყვე, ბინებს არ ვალამაზებ,
შემატყობინე ნუთუ ის არ ხარ,
ის ვინც მოვძებნე, ვარსკვლავი მწიფე,
კოცნა-სიფხიზლე, კოცნა-მთვრალეთი,
ყვავილებივით, ნომრები ვკრიფე
ოცდა, ოცდაცხრა, ოცდათვრამეტი,
სამება წმინდა, სამნიშნა კოდი,
სამყარო მექცა, სამ სამკაულად,
ან როგორ ცრიდა, ან თოვდა როდის,
თავი გამანდე, სანამ აუვალთ
ბილიკებს ზემოთ, შორეთს გადაღმა,
მე თუ მოგძებნე, მოგძებნის ისიც,
ფრთოსანს წააგავს, წერილს გაგატანს
საიდუმლოებს, ცისა და მიწის.