ფერიცვალება
ეძებდნენ ერთ-ურთს, ვით გამართლებას,
ღმერთი და კაცი, კაცი და ღმერთი,
მე კი დაჭრილი ფრთები მეჭირა,
თქვენ რომ მარაო გეგონათ თეთრი.
მე არც კი მახსოვს, როგორ შემაჭრეს
ფრთები და ზეცის კარი დამიხშვეს,
ჯერ ამიხილეს თვალები, მერე
ზეცის ეკლიან მკერდზე გამიშვეს.
და მიწა, როგორც დაღლილი კაცი,
ჩემგან ითხოვდა შველას და ალერსს,
ხან მიწყრებოდა სულ უმიზეზოდ,
ხან მპირდებოდა ზურმუხტს და ლალებს.
ეჭვიანობდა უზომოდ ქარზე,
ხანაც მიგებდა ფეხთ იის ნოხებს,
მე ვიცი, თუკი ერთხელ დავეცი
ანდა დავხარბდი, გულს მოიოხებს.
ზეცა ხარხარით და მუქ-ლურჯ თაღებს
შეზარავს ჩემი ქალთან მსგავსება,
მუხლი სუსტი და თვალები ხარბი
და წამიერი ვნებით ავსება.
ნუთუ არ იცის ცამ ყოვლისმცოდნემ
ფერიცვალება რისი ბრალია,
რომ ფრთებდაჭრილი და თვალხილული
თვით ანგელოსიც სუსტი ქალია.
ეძებდნენ ერთ-ურთს, ვით გამართლება
ღმერთი და კაცი, კაცი და ღმერთი,
მე კი დაჭრილი ფრთები მეჭირა,
თქვენ რომ მარაო გეგონათ თეთრი.