გონაშვილი მაყვალა
გაზიარება

სიტყვა 

შრიალებს სხეული, 
ვერხვივით შრიალებს 
წაქცევის შიშით... 
იმ ბოლო სიტყვამდე 
პირველად, პირველის 
ბაგიდან ვიშვით. 
ჩემს მკერდთან ეძებეთ, 
ისარი, რომელიც სამიზნეს ასცდა. 
რა ჟამი დამდგარა, ჟამი უჟამური 
უსიტყვო კაცთა. 

მე მაინც გავრითმე, ლექსებად ვაქციე
სიტყვების ფეთქვა... 
მამაო, უსიტყვო წყვდიადში 
ვით გასძელ? ან რაი გერქვა? 

_ სიტყვა ვიყავ! 
ვიყავ მუდამ! 
სიტყვა ვარ და 
სიტყვად ვრჩები! 
სიტყვა _ თქვენი გადარჩენა. 
სიტყვა _ ჩემი განაჩენი... 
ერთი დიდი სიზმარია 
ყოველივე დანარჩენი. 

სიტყვების ტყე... 
სიტყვების ტყვე... 
სიტყვა _ სეტყვა 
სიტყვა _ ტყვია. 
ირგებ სიტყვებს, როგორც გვირგვინს 
ქვემძრომი და თვითმარქვია, 
როცა სიტყვა ტლუთა ტყვეა 
იფოთლება ანარქია. 

სიტყვა _ სული, სიტყვა _ სრული... 
სიტყვა – სევდა. სიტყვა _ დედა. 
თუმც შვილივით ვზარდე სიტყვა 
დედასავით დამიბერდა. 
ერთი სიტყვით, 
მხოლოდ სიტყვის 
მსახურება დამებედა. 

სიტყვა _ მკვლელი. სიტყვა _ მჭრელი... 
სიტყვა _ ჭრელი, სიტყვა _ ხაზი... 
სიტყვა _ ნება. სიტყვა _ ვნება, 
ტკბილი, როგორც ალვახაზი, 
ლოცვის მტევნებს დაიმშვენებს 
უსიერ ველს, უსურვაზი... 

_ სიტყვა ვიყავ! 
ვიყავ მუდამ! 
სიტყვა ვარ და 
სიტყვად ვრჩები! 
სიტყვა – თქვენი გადარჩენა. 
სიტყვა _ ჩემი განაჩენი! 
ქარია და სიზმარია 
ყოველივე დანარჩენი...

??????