თოჯინების სახელმწიფო
ნეტა, ვისი ხელი გმართავთ
ხისთავიან კაცუნებს,
ხმა უცხოა, რიხი უნდო,
თქვენ ტუჩებს აცმაცუნებთ.
ვერას ხედავთ, ვერვის ამჩნევთ,
ასე ვინ გაგიმეტათ?
და კვლავ ვრჩები გათოშილი
ბეღურების იმედად.
ვინ გიწოდათ თოჯინები
შუშისთვალა მაცილებს?
თუ ხისა ხართ, როგორ აფრქვევთ
სიძულვილის ბაცილებს?
როცა წამით ხის კაცები
ხის ტახტებზე ისვენებთ,
რომელ ხისგან გამოგთალეს
ნეტა, თუ გაიხსენებთ?
რომელ ტანჯულ მიწას შერჩა
თქვენი ძელქვა ფესვები?
თუ წამომცდა, ვაი, დედა,
ზიზღით შემომესევით.
ან რა ერქვა იმ ფაბრიკას,
თქვენ რომ ასე გაგთალათ?
ზოგი მუნჯი, ზოგი გონჯი,
ზოგი კიდევ ცალთვალა.
დამღა გადევთ უცხოური
ქართულ ხისგან გათლილებს,
ხე ჩემია, ჩემი მიწის,
მე ეს მიწა მატირებს.
ნეტავი თქვენ, კაცუნებო,
თქვენს ფუჭ ფუსფუსს შევნატრი.
თოჯინების სახელმწიფო.
სახელმწიფო თეატრი.