ჭადრაკი
არის პოეზია, მუსიკა, ბოჰემა,
ჯადონი ტალის თუ ფარცაგი ფიშერის,
მეც ჭადრაკს ვთამაშობ და მხოლოდ მოგება,
ყაიმი, ძვირფასო ვერაფერს მიშველის.
შენ ადრე მიხვდები და გვიან გაიგებ
და განსჯი, ვითარცა სინათლეს შეჰფერის,
როგორ პატრონობენ უთავო პაიკებს
დროის და დახლების ცბიერი მეფენი.
როგორ უსისხლხორცეს მცონარა პაიკებს,
ქისტების კასტებმა, უგვანო გვარებმა,
ჩვენმა წინაპრებმა საფლავშიც გაიგეს
ჩვენი სირცხვილი და ჩვენი მწუხარება.
გახსოვს ქვითინებდნენ ქარები დაფნაში
და ზარებს ვიღაცა რეკავდა დილამდე,
შეწირვაც იყო და იმ მძუან თამაშში
მამულის ღიმილის ღირსებას სწირავდნენ.
დღეს ჩემი მჩქეფარე აფრები იშლება,
ჩემს ნაფოტს მაღალი მნათობი დანათის,
რას მომცემს, რაც მოხდა ტალსა თუ ფიშერთან
დროის ორგიებით ფიქრის კაკანათით...
ოჰ, კიდევ ჩვილი აქვს ფრჩხილი და ნუნები
ჩემს ბებერ ბავშვებს და ჩემს ქალებს კაპასებს,
ადგილს ინაცვლებენ ბეცი ფიგურები
ამ გასაოცარი ჭადრაკის დაფაზე.
ეს მხოლოდ დროებით... დრო მიდის დრამებით,
ხალხთან ითამაშო მძიმე და ძნელია,
ცარიელდებიან დაღლილი სკამები
და ახალ ჟინსა და ჟრუანტელს ელიან.
არის პოეზია, მუსიკა, ბოჰემა,
ჯადონი ტალის თუ ფარცაგი ფიშერის...
ჩვენც ჭადრაკს ვთამაშობთ და მხოლოდ მოგება,
გახსოვდეს, ყაიმი ვერაფერს გიშველის.