სახალხო არტისტი
ბევრს აუვუკრძალავდი ხელების შეხებას,
ამ კურთხეული და მაღალი ფარდისთვის,
ვინც სული სრულქმნილი მშვენებით შეღება
ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
ხანდახან დაგშანთავს ბოღმების ღვარები,
ისე ვით კამათელს შანთავენ ნარდისთვის,
ვინც მოზიარეა ხალხის მწუხარების
ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
არა ვით კვაჭი და არა ვით ყვარყვარე,
მამულის ხატებას ხვატში რომ გადისვრის,
ვინც ხალხის სიხარულს გულიდან ხარხარებს,
ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
არა თვითმკვლელობა და ბილწი ზმორება,
ხარჭების კოჭებთან თრევის და დარდისთვის,
ვის სულსაც ძაგრავს და აღაგზნებს ცხოვრება,
ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
ვაი რა მწარეა მანჭვა და ქლესობვა,
ჭუჭყიან გროშისთვის, ტაშისთვის, ვარდისთვის,
ვის გულსაც მამულის ჩანგალი ესობა,
ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
მეც გულზე ბოროტი ჭვანგები დამასო,
ბრმა უსახურების ანგალმა აშვებამ.
ჩემი არტისტები ხალხისთვის თამაშობს,
შენი არტისტები ხალხს ეთამაშება.
ნეტავი ვის დავდო მე ბრალი ამაში,
თოვლიან ქარებს თუ ქარიან ვარდისთვეს,
ნიჭად დაჰყოლიათ სკამისთვის თამაში,
მაღალ სართულებში შერეკილ არტისტებს.
ხალხო შენ მართალო, ხალხო შენ ძლიერო,
ისე ვით ძგერა და განგაში მარტისთვის,
ღმერთმა გიდღეგრძელოს და გიბედნიეროს,
შენს ჭიპზე მოჭრილი სახალხო არტისტი.