გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

ბორჯომის ბოთლი 

ბათუმში ამ დროს,
ლურჯი სიჩუმით შეზავებულ ხავერდის სეზონს,
ნაზი ბინდების მტევნები ართობს,
და ყავის ბოლში იბლანდება "სალხინოს" ეზო.

ვაი გონიოს კედლის ბურჯებო...
ბიჭნი დალალებს ივარცხნიან გოგონი ქოჩორს,
შამპანურს სვლიპავს, ენამზეობს და იფურთხება,
მამის ნეხვიდან გამომძვრალი ბრჭყვიალა ხოჭო.

"ვაი თქვენს პატრონს" -
ჩუმად ამბობს სომეხი ქალი
და სავსე ფინჯანს ანაწილებს რუსული რიგით,
უმწეო ღლაპიც წირპლიან და ელამი თვალით
ფეხმსუბუქ ცინდალს ფეხისქნევით ახეთქებს იქით -

იქით
მაგიდას დაჰფენია ნოხები ფოთლის
და ჭიქებს შორის დგას ქართული "ბორჯომის" ბოთლი.

მიმოაქვს ნიავს უზრუნველი შრიალი ხეთა,
ორსული კატა ეფერება წვივებს და სკამებს,
პოეტები კი...
პოეტები ღიმილით სხედან
და ყურუმ ყავას ყოყმანით სვამენ.

??????