N-ს
შენ რომ იბრალებ, იმაში
არ გაგიცვლიან ჩირს;
გასწი ეგ ბოღმა, შენს გაზრდას,
მე საკმარისად მჭირს.
„არა გჭირსაა?!“ — დამჭყივი,
ჩახმახს მოსინჯავ ნელიად;
მეტი რა უნდა მჭირდეს,
გული ისეთი ძნელია...
ეს ფუფუნება მაინც მაქვს,
ამსოფლიური, მწირს:
შენ რომ დგახარ და მიმიზნებ...
მე რომ ვდგავარ და მჭირს...
„არა გჭირსაა?!“ — ექოებს
გადააქვთ კიდით კიდე;
მიყვარს, შე მართლა რჯულძაღლო!
მეტი რა უნდა მჭირდეს!
„არა გჭირსაა?!“ — ხორცს იჭამ,
მურით ითხუპნი პირს;
ეგღა მაკლია, გადავრჩე!
საბედნიეროდ, მჭირს!..