ფერისცვალება. ვაჩნაძიანი.
მოადგებიან
სასაფლაოს ჟანგიან ჭიშკარს
მოწიაქე თქვენი სულები,
გამოსცქერიან აქეთ სოფელს, _
ფერიცვალების კვეთით აჭრილს.
რაც არ უნდა წინა დღეებში ჩამოვიდეთ,
რაც არ უნდა ადრე,
სიგრილით შემოვუყვეთ
სოფლის თავისკენ,
სასაფლაოს შუაგამყოფი გზიდან მარცხნივ
რაც არ უნდა აჩქარებით
შევრიოთ ფეხი ჩალაბულას,
ვიღაც მაინც მოგვასწრებს ხოლმე
შენს საფლავზე, მამაჩემო...
ვიღაც _ სოფელი.
შორიდანვე შემოგვცინებს, შემოგვჭახჭახებს
ბარაქიანად ამოჭრილი
საზამთროს ტუჩი,
მერე ტყუპი პანტაც დაჩნდება,
გაჭყლეტილი კარამელიც,
და შეუმშრალი ნაკვალევი შესანდობარის, _
ცრემლებივით წაგრძელებული,
თითქოს გოლიათს უტირიაო.
...კიდევაც რომ არ მოხერხდეს
ჩვენი ჩამოსვლა,
მჯერა, _ შენს საფლავს,
აგვისტოს მზით გადასერილს,
სხვას თუ ვერაფერს,
ადრეულა ყურძნის
ერთ თვალშესულ კუფხალს მაინც
გამოაბამს გულზე სოფელი,
ჩამოგღიღინებს:
_ ფერიცვალებაა, ბიჭოო...