გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

შაბიამანი 

ყორანკლდემდე რა აიყვანდა...
თავიც მოეკლა და
იმსიშორეზეც ევლო?!
სოფელში კიდე,
საიდან გინდა, გადმოვარდე, —
ნეტა რომელი მეთექვსმეტე სართულიდან...
თოფი, თოკი და შაბიამანი, —
კახელ თვითმკვლელთა არჩევანი.
...უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას.
ერთ ლექსში რომ ნანიას ვამბობ,
ის ნანია დააქვრივა
ვანო პაპამ, — მეზობელმა.
„ვანომ რო თავი მაიწამლა შაბიამანით“, —
სულ ეს არის,
რაც მასზე მახსოვს;
სხვა დანარჩენი, — წარმოსახვაა
და ხსოვნაში მერევა ხოლმე.
...უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას...
დედაკაცი რომ თვალმოშორებით დაიგულა,
გამოიტანა მარნიდან მალვით (ალბათ)
და მიბრეცილ-მობრეცილი ჯამის ასწვრივ
გახსნა მუჭა (ალბათ),
მიაშვავა შაბიამანი — ცის ფხვნილივით.
მუხლზე აიგდო გრილი კოკურა (ალბათ),
დაჰკრა ჯამს წყალი (ალბათ),
ამოურია,
ამოურია წიფლის ნაფოტით,
ფხაკაფხუკით (ალბათ),
გახსნა ცის ფხვნილი, — 
ამოიხედა თხევადმა ზეცამ
გლეხის ჯამიდან
ცისფერთვალა გოლიათის
ცალი თვალივით (ალბათ)...
...უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას.
მთელი ცხოვრება
ვენახს წამლობდა შაბიამანით,
ადგა და, ერთხელ,
თავსაც უწამლა (ალბათ).
უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას;
დახსენ,
დახსენ მწარე ხეტიალს
და მანდაური ვენახის ბოლოს
ჩარგე ბალახბულახივით,
ან თიკანივით მიაბი სადმე,
მანდაური
საჩრდილობელი ატმის ძირში,
დაღლილი სული ვანო პაპასი, —
ულამაზესი საწამლავით
თავმოკლულისა.

??????