ლენინის მოედანი
წამო, მითხარ, სადაური კაცი ხარ,
რას დაფრინავ ცაში კამარ-კამარა!
შეხე - ადგილს ნაომარს და ნაციხარს
რა ატლასი შემოუკრავს ქამარად.
რომ ახაროს ახალ ნერგებს მაისურს -
\"არ არისო ძველებური ქარვასლა\". -
აქ მერცხალსაც უჭიკჭიკოდ არა სურს
მთიდან მთაზე გადაფრენა, გადასვლა.
მხარბეჭიან ისნის აღმართს ემხრობა
ეს ფოლორცი - სიხარულის მთოვარი,
აქ ფიცს იღებს ჯუღაშვილის მხედრობა, 23.gif
რომ დაიცვას ქვეყნის მონაპოვარი.
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო
და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში.
გავცქერ არეს უხინჯოს და უნაკლოს,
წერეთელის დინჯ შუბლივით გადაშლილს.
ასეთი ცა მე ჯერ არსად მინახავს!
ასეთი მზე მე ჯერ არ შემხვედრია!
ეს ჩუქურთმა ჩამოთლილი ინახად
თავისუფალ საქართველოს ხვედრია.
გულო ჩემო, აფეთქდი და დაიძარ!
ჩაეზრდე მშობელ მიწას ფესვებით.
ახალ თბილისს - ახალ კოკორს ნაღვიძარს -
უგალობე ნამუსიან ლექსებით.