გრუზინსკი პეტრე
გაზიარება

შიშში აღზრდილი 

შიშში აღზრდილი,
უნდობლობაში დაკაცებული,
ციხის მუქარით გაწამებული 
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა,
ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდისს
და უმეცრებად _ გამბედაობას.
სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით,
სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით,
დობერმანივით ერთნაირი გარეთ თუ შიგნით
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
ან გაყიდული სულით ხორცამდე,
ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი,
ან დარდით ღვინის კასრში ჩამხრჩვალი,
ან ჩინ-მედლებით სავსე, გამცემი.
რაც მქონდა წმინდა _ 
ყველაფერი სულში დაობდა,
თან მეზიზღება, თან მეცოდება
ჩემი თავიც და ჩემი თაობაც.
რა გააჩნია, რა დატოვოს, რა გაიხსენოს,
პირუტყვის შიში, გადამდები სენი _ საზარი,
თუ თავის ლანდი ცისფერ ქუდით, რუხი მაზარით
და სასაკლაო უზარმაზარი,
თუ თავის ყოფის სირცხვილი და არარაობა?!
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
დღეს თამაშია ვნებათა ღელვის, მხოლოდ თამაში,
გრძელი, გაბმული,
სურვილი იმის, რაც სულს აკლია,
ეს სპექტაკლია
ცუდად დადგმული
და ყალბი ასლი სინამდვილისა.
ქალები _ ბერწი,
ვაჟი _ ცვედანი,
აი, დედანი...
ჰეი, მსაჯულო, მომავალო უმაღლეს რანგის,
სანამ მსჯავრს დასდებ ჩემს თაობას,
აქ სუნმა რომ არ შეგაწუხოს, მთვარეზე ადი _
იქიდან უფრო შორს იქნება ეს დედამიწა
დამპალი სისხლით და ათაშანგით.

??????