მზესუმზირა
ტყეში ყვავის ბახალამ
მზესუმზირა დახალა.
ბნელ სოროში თხუნელა
გააბრუა სურნელმა.
– მეც კი ვაკნაწუნებო,
განა დავიწუნებო!
მერე ჩხიკვი მოფრინდა
ცარიელი თოფრითა.
– კარგი სუნი მეცაო,
ჩამიყარე მეცაო!
მელიამ თქვა, ვიყნოსო,
არვინ გამაბრიყვოსო.
სურნელია რისაო?
აჰ! მზესუმზირისაო!
გავიარო, ეგება
მეც რაიმე მერგება!..
ბახალამ თქვა: – რა გიყოთ,
რაც მაქვს, ყველას გაგიყოფთ.
ოცდაოთხი მარცვალი –
სულ ეს არის, რაც არის!..
როგორ გაყო, რა მოხდა,
ნუღარ დამღლით კითხვებით...
თითოს შეხვდა რამდენი,
თქვენ თვითონვე მიხვდებით!