გულეური ვასილ
გაზიარება

ჭიანჭველების ქორწილი 

ქორწილი აქვთ ჭიანჭველებს,
ფუსფუსი და ხმაურია.
კუნძის ძირას მწვანე ხავსის
ხალიჩები დაუგიათ.

მრავალძარღვას ფოთლებისგან
გაუშლიათ გრძელი სუფრა,
პატარძლისგან დიდ მაყრიონს
მოელიან მალე სტუმრად.

სუფრა არის სანაქებო,
რა გინდათ, რომ აქ არ იყოს.
მერიქიფე ღვინოს ასხამს,
დოქებით რომ დაარიგოს.

ბლომად არის ტკბილეული,
თავთავები ქერის, ხორბლის...
სწორედ ამ დროს – მოდიანო!
ხმა გაისმა მახარობლის.

შავ და წითელ ჭიანჭველებს
მოუყრიათ ერთად თავი,
ნეფე არის წითელი და
პატარძალი არის შავი.

სუფრის თავში დააბრძანეს
და პატარძალს ნეფემ კოცნა
მხოლოდ მაშინ გაუბედა,
თამადა რომ დაილოცა:

– გამრავლდით და გაიხარეთ,
ღმერთმა ასე ინებაო.
თქვენი შვილი, ო-ჰო-ჰო-ჰო,
რა ლამაზი იქნებაო!

ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ
მაზლები და ცოლის ძმები
და დილამდე გაისმოდა
სიმღერის და ცეკვის ხმები.

??????