წიწილა
ბებომ მითხრა – კვერცხები
კრუხს დავუწყოთ, აჩიკო,
თუ გინდა, რომ ღუნღულა
წიწილები დაჩეკოს.
ერთი კვერცხი ავიღე,
ვატრიალე ხელში და
ხან ზემოდან დავხედე,
ხან შევხედე ქვეშიდან.
მერე მზეზეც გავხედე,
მომეჭუტა თვალები –
ვერც ფანჯარა ვუპოვე,
ვერც ვუპოვე კარები.
ნეტავ, გამაგებინა
ამ წიწილას რა მოსდის,
როგორ შედის შიგნით ან
გარეთ როგორ გამოდის?