გულუა დათა
გაზიარება

ადამიანნო, გამიღეთ კარი 

მე ვარ, მოკვდავნო, გამიღეთ კარი,
ჟამთა წვალება, ჭორი და შხამი
ბედის მრბოლელი გლობუსი ჩქარი
სიკვდილის ტყავით დაწნული სკამი

ათასი ლოცვა, ათასი თვალი
გულის მაგიერ მაქვს კიდობანი,
ურიცხვი ვერცხლი, სამი ყივილი
მამლის ღალატი, დილის ტროპარი

მომაქვს თამარის ბაჯაღლოს კუბო
და ტაჯ-მაჰალის თეთრი ლოდები
მე უკვდავებას ვეძახი უფრო,
ვით ბეთჰოვენის ლურჯი ნოტები
დო. . . 
დო. . .
ლა. . .
ლა. . .
მომაქვს ლაშქართა ხმელი ნეშთები,
ოკეანიდან მმოსავს ხომალდნი,
გარდასულ შტორმთა სველიAშეშები,
განთიადია, მზეა ბელადი

ზეცად აფრინდნენ პირამიდები,
ჩარჩოდ აღარ ზის უკვე ჯოკონდა,
მზემ გადმოქაჩა მიწად ბინდები,
სიკვდილი ზურგზე სტვენით მომქონდა

გამოიღვიძეთ, ეს მე ვარ, ნოე
კაცობრიობის ჟამთა მეცხვარე,
წარღვნა დაამტვრევს ოცნების რტოებს,
თაფლი გეგონე? ნუთუ გეცხარე?

აგერ მოვიდნენ, საზღვართან დგანან,
მეფისტოფელის ლეგიონები,
გააღეთ კარი იქამდე სანამ,
მზედ აშოლტილან ლამპიონები

გარბიან ტყენი, ტოვებენ ტუნდრას,
ჯომოლუნგმიდან გაიქცა თოვლი
მზემ დაიფარა ღამის სუდარა,
და დანაია აღარ სჩანს მწოლი

გადახსნილია საფლავთა ხუფი
და არაფერი დაძრწის ველებზე,
ჩვენ იანუსის სახე გვაქვს ტყუპი,
შუბლი ცვეთილი, ხავსი ხელებზე

მე ვარ ოცნებაც, ცხადი სიზმარი
გახრწნილი ტყავი, შიშველი ნეკნი
ჯვარზე გაკრული, ცრუ მომღიმარი
მარადისობის უცვლელი ძეგლი
კონ. . .
კონ. . .
გან. . .
გან. . .
ჩემს ხურჯინშია უთვლელი წამი,
უთვლელი წუთი, საათი ჩქარი
მე სიკვდილი ვარ, თქვენი სიკვდილი,
ადამიანნო, გამიღეთ კარი.

??????