გულუა დათა
გაზიარება

ადამიანებს ჩაუქრეთ შუქი 

I 

მე უკვდავების სხვა ნაპირი მაქვს,
ლურჯი ტალღიდან ამონაზარდი
ჟამი მიხევდა შუბლის მზისფერ ტყავს,
ეტვიფრებოდა გვირგვინს “საზარი”.

ჩაასხით მთვარე ღრუბლის ყალიბში
მზე კი მიუგდეთ უბის ქვაბულებს
ჩააქრეთ შუქი, რადგან ალიბი
კვართად ფარავდეს მახინჯ სხეულებს.

აავსეთ თასი ჭრელი ცრემლებით,
ჭრელი სულებით შეესხით დროშას,
აკნავლდებიან მიწად გრდემლები
და სარეველას დაარქმევთ შროშანს.

უბადრუკებო, წამში გაცვლილნო,
ჩაყუდებულნო ალმასის ქვევრში,
დაბრიყვებულნო, ხან სასაცილნო,
ამოვლებულხართ ოქროსფერ მტვერში.

დაანთეთ თეთრი ვარდის კოცონი
იასამნები დაღვარეთ ფერფლად
ღრუბლებზე კოჭლობს მთვარე ობოლი,
თქვენ კი სიკვდილი დაიდგით ძეგლად.

შეირყვნა თვითონ კავკასიონიც,
ანტარქტიდამდე ჩაცოცდა ლოცვა
მიწად აღარ წევს გალაქტიონი,
ღამის დარაჯად მოფრინავს ხოცვა

ჩვენ სარკეებში დავიმალებით?
ნიღბებს ვუპოვნით მარადისობას?
თუ აგვეხსნება თავის ქალები
და მიეთვლება უვარგისობას

იქნებ გვირგვინი მოირგოთ კვართად
ან სკამის ფსკერზე ელოდოთ შვებას,
დადგეთ ცერბერად ნამუსის ზღვართან
ანდა ხორხები მიუგდოთ ყეფას.

იქ, სისპეტაკის მერიდიანზე,
რა ავიტანოთ? ხორცის საწმისი?
როგორ გავივლით? მე? რითი? ჟამზე?!
თუ გავატარეთ მზეზე სადგისი! . . .

რას ელოდებით? ჩაიცვით ჩქარა!
თვით სარკეების მოდის ამალა,
თქვენს არსებობას დღეს ჰქვია --- არა!
ხომ ხედავთ, დარჩით ჩონჩხის ამარა

II

გუშინ ჭაობზე წამოწვა ბედი
თმა დაისველა ტორფის შლამებში,
საოცარია სიკვდილის ხედი
იასამნების ბოლო ღამეში.

გასული ვიყავ, ტალღებს ვცელავდი,
დედამიწაზე მე რაღა დამრჩა?!
ჭმუნვა ისმოდა გონგის ც’ესტ ლა ვიე
სულ სხვა ჰანგები მესმოდა შარშან. . .

პოსეიდონმა მიძღვნა გავაზი, 
და ოკეანის ფერდებზე ვნისლობ
მიყრდნობილი ვარ მიწის ლავაზე,
ჯერ კიდევ ცოცხალ სხეულებს ვსისხლობ.

და სანამ ტოკავს სული სივრცეში,
იდუმალების ქერქზე აბოტებს,
მისთვის უცხოა გარდასვლის თქეში
და არ მიჰყვება ჟამის წალკოტებს.

მე უკვდავების სხვა ნაპირი მაქვს,
სულო სხვა ტალღიდან ხარ ამონაზარდი
ტყვია მიხევდა შუბლის მზისფერ ტყავს
ვერ დამაწერეს წლებმა __ “საზარი”

თეთრი მომავლის მოდის ორეული,
მზეს დააფარეთ ფარდები მუქი,
რომ კეთროვანი მალოთ სხეული
ადამიანნო, სანთლებს ესროლეთ
ადამიანნო, ჩააქრეთ შუქი. . . 

??????