კეკელიძე გიორგი
გაზიარება

ზოლიანი ოდები 

ეს ოდები სულ სხვა ხმაზე ვიმღერე,
რომ მესმოდა, მეც ვერ ვიცანი –
გადავბრუნდი და დავიძინე




ანდაზა

ვერ მოვირჩინე ჩემი ყრმობის წვიმების წყევლა.
მაშინღა მივხვდი;
რომ
სიცოცხლის წყალმა წამიღო,
სიკვდილი ხავსია და
ვეჭიდები,
სიკვდილი ხასვია და
ვეჭიდები..
ვეჭიდები..
ვერ დავამარცხე..




წელიწადის ახალი დრო

გსმენიათ-
ქარი ფოსტალიონია..
მზე კი შუა ოქტომბრის მიწურულს
წავიდა
და წითელ ფოთლებს-
დავიწყების წერილებს
წერს..
მზე ცხრა ცის გადაღმაა..
ხოლო მე მინდა იყოს ბევრი ქარი,
რომ დედამიწა
წაშალოს წერილებმა 
და 
წარსული
დადგეს..




საშრობის შესაქმე


ღმერთი ბავშვივით წერდა ვარსკვლავებს
და მთვარე დაეღვარა. . .
ღრუბლები მოვიდნენ.





სამშობლო



ისმის წვიმის კვარჩხალი,
მოდის ღრუბლის ფარა,
სად წახვედი მარტოკა,
კატალინა პარა.

ნიკანორ პარა


როდესაც თვალი გავახილე,
დავინახე,
რომ სამყარო ჩემთვის მხოლოდ ღამეს
ამხელდა,
მერე ვიგრძენი, რა უსასრულო
იყო ეს ღამე . . .
და შემცივდა,
და მომშივდა,
და მომინდა მეხილა სინათლე,
რომლის არსებობაც ჩემმა სულმა 
გაანდო
ჩემს დაბინდებულ თვალებს. . .
მერე, თითქოს საუკუნეთა მერე,
გამოკრთა გზა
და მე დავდექი იმ გზაზე. . .
იქ იდგა მრავალი,
გზა გახლდათ ვიწრო
და იგინი,
რომელნიც ცდილობდნენ
ეპოვათ ახლი ბილიკი,
უსათუოდ უფსკრულს უნდა სწვეოდნენ. . .

მერე გამოჩნდა უკიდეო ველი,
იმდენად უკიდეო,
რომ ჩვენ ყველას უსაშველოდ მოგვინდა სახლი. . .
და რახან ბნელი ისევ მძლავრობდა,
მე დავიჭირე მანათობელი მწერი,
დავბრუნდი უკან,
მოვდივარ
და 
ვჩურჩულებ _
“ციცინათელავ მაპოვნინე”
“ციცინათელავ მაპოვნინე”









ხელის თხოვნა

შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო,
ერთად 
მოვკვდეთ
მინდა
ზამთარში.






ზღვა

-მერე, მერე
ელისაბედის ძმა


მე ველოდი
და მოხდა კიდეც,
უცაბედად მიმატოვეს ჩემმა ძმებმა –
ქუჩაში შემხვდნენ
და
ვიგრძენი, როგორ ეტკინა 
ჩემთვის მონაჭორი ღიმილი
მათ დიდებულ სახეს.
აღარ დამიტანჯავს ჩემი ძმები,
უმალვე განვეშორე,
უმალვე ვიქეცი იმად,
რაც მანამ ვიყავ, სანამ გზები ერთად მოგვეჩვენებოდა.
და
ჩემმა 
ძმებმა
მიაშურეს 
უდიდეს
გემებს,
ჩემმა ძმებმა გაშალეს ამაყი აფრები.
მიცურავენ ახლა,
მიცურავენ მშვიდად,
საოცარი თავდაჯერებით
საოცრადვე ბედნიერნი.
და
ჩემი ძმების ხომალდების ფსკერს
მსუბუქად გრძნობს
ჩემი
მთვლემარე 
მკერდი. 










ვასთირჯთა ლხინი


ჰკიდია შუადღე უდაბური
და თეთრი ფარდა
და ფარდა თეთრი ტილოების გადასარჩენად. . . 
შენ არასოდეს გიტირია ეზოს გადაღმა –
წვანან ცრემლები მღვრიე თვალის გაყინულ ფსკერზე,
ადრე ცრემლები ჩაიპარნენ ზღვაში ნავიდან,
ცრემლები ადრე ჩაიპარნენ სევდის ნავიდან,
შიშველი ვართო და რცხვენოდათ
ცრემლებს ნაპირი. . . 
და აჰა!
ჭირსაც წაუღია ეგ თქვენი სევდა,
წამოვა წვიმა,
იწვიმებს
და 
ჭირსაც წაიღებს. . .
მე გავაძევე ოცნებები და სურვილები,
ავკიდე ქარებს,
ამძიმებთ ქარებს. . .
. . . კვდომის რიგში. . .
ჩადგნენ ქარები
და
სიმშვიდეა.
ვარ მჩატე. . .
ისე, როგორც მჩატე. . .
ჩიტისთვის ზეცა. . . 
მალე კი თხელი ღრუბელიდან
მზემ გამოჟონა. . .
ეს მოხდა ახლო დასავლეთში _
ცას არ უცდია,
ცამ იცნო ცივი სიცარიელე,
ცა შუაღამედ გარდაიცვალა
და მერე ისევ ჩამოვხსენი ქუთუთოს სიცხე
და თეთრი ფარდა 
და ფარდა თეთრი ტილოებს გადასარჩენად.


დავიწყებულ სტრიქონთა გამო


ღამით,
შუა ეთქმის,
მე კი, ალბათ, მთვრალი მეთქმოდა,
შემომხვდა ლექსი
და მერე
ლექსი შევიტყუე წითელ საწოლში.
რომ გამეღვიძა,
ახლო მხოლოდ სიცარიელე
და სურნელების მინაგვარი სიამე იწვა.
ლექსი კი –
ალბათ მასაც მთვრალი ეთქმოდა
და დილით ადრე გაეღვიძა
და დილით შერცხვა. . .












პოეტების ქვეყნის ამბავი

“ ქორმა წაიღო წიწილა”
ვაჟა-ფშაველა. XIXს.
“ქარმა წაიღო წიწილა”
მესამე კლასელი ბიჭი.1993წ.
“ ქარმა წაიღო ქარი”
შენ. გუშინ.

.. ჩემი სული წაქცეული ქარის
წისქვილია,
ვიღამ მიხედოს ობმოდებულ
ოცნების ტომრებს-
- მოვლენ თაგვები და დახრავენ..
უსათუოდ მოვლენ..
დიდება თქვენდა თაგვნო!
მე გასწავლით თქვენ ყველა 
კუნჭულს,
სადაც კი მიძევს მივარდნილი
რამე ოცნება,
სულყველა კუთხეს-
რომ დაიმშეთ უფრო და 
უფრო
და ჩემი სულის
დაჩრჩილული კადლებიც
დახრათ!
ჩემი სული ხომ წაქცეული
ქარის წისქვილია,
უქარობამ წააქცია ჩემი
სული..
. . .ქარი ჩვენში მაშინ
იცის,
როცა წაიღებს..

??????