ნეტავ აქ იყო
ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს,
პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.
ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.
ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.
ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.
დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.
ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.