გადაირია აშარი მარტი
გადაირია აშარი მარტი,
იმღერა თოვლის თეთრი არია,
ლამაზ გაზაფხულს ჰკადრა ღალატი,
ზურმუხტში ზამთრის ფერი გარია.
სევდის მეგობრად იქცა ორივე
კვდომის პატარძლის გვანან მაყრიონს,
მოდი აპრილო მიხსენ თორემ მეც
ლამის ძილსა და დუმილს გამრიონ.
მოდი მიხსენი შენი მიჯნური,
სიცოცხლეს ვუძღვნათ დითირამბები
გავატიალოთ თეთრი მიწური
დავატრიალოთ დიდი ამბები.
მზე მოუკიდე - იმედს ხვალის ცას
ელიანდაგე მწვანე ეშალონს
გამოიღვიძოს იქნებ ხალისმა
და ჩემს ლექსებსაც რამე ეშველოს.