დანელია ბათუ
გაზიარება

გათენება ქალაქში 

დამპყრობელივით შემოდის სინათლე ქალაქში.
გამშველებელივით ჩადგება ყველაფერს შორის
და ყველაფერზე ისადგურებს,
როგორც მალამო სხეულის
მტკივან ზედაპირზე.
ხეებს არ უთქვამთ სინათლეზე,
ეს თავხედი ვინ არისო,
რადგან ღამეში ჩიტები ენატრებოდათ...
ქალაქი ძილიდან ღვიძილში გადმოდის,
როგორც სურათი ჩარჩოდან აღქმაში...
ჰაერი ხელებს შლის თვალსაწიერამდე,
მაგრამ რომელი ერთი ჩაიხუტოს _
მთელი ღამის უნახავი რომელი არ ჰყავს!
მერძევეები და მემამწვნეები
ყელში იხსნიან უხილავ ქილებს,
სადაც უსხიათ ხმები,
რომლებიც, როგორც ჩიტები
ღიად დარჩენილ გალიის კარიდან,
ისე იწყებენ ამოფრენას:
«მაწონიიიი!» «რძეეეეე!»
და იწყება ქალაქის დღე,
რომელსაც გათენების მეტი არაფერი ავალია...

??????