დეკანოზიშვილი ნუციკო
გაზიარება

ალილო! 

ჩემს ქვეყანაში სულ ზაფხული არ იცის ხოლმე.
დაზამთრდა, კარგო, და მამა ღმერთს წამოსცდა თოვლი.

შენ რაც მომეცი შენი ციდან, შენი სუნთქვიდან,
ღმერთო, მაღალო,
ათივე თითზე ჩამოვიცვი ბეჭდებად, თვლებად,
და მორჩილ თმაზე დავიბნიე მთელი სამყარო,
თავი ავიღე, ან არადა, დავდე, თუ გინდა,
დაარქვი ასე. და ჩავისხი თვალებში ტბები,
რომ მეხილა ჩემი საღამო.
და შენი ღამე.
ღმერთო, მაღალო!-
ბეთლემის ბაგა, ღვთისმშობელის ფერმკრთალი ბაგე,
და ლურჯი შობა სიყვარულის-ქარში დეკემბრის,
დარი-ავდარში.
მიდიხარ და ვერაფერს აგნებ,
და რაც მიაგე გაზაფხულებს, გაქრა, ეგება...

გათენებამდე ღამე მკლავზე დამითვლის ხალებს,
გაღვიძებამდე, როცა მთელი სიცოცხლე კვდები,
ღმერთო, მაღალო,
მე მინდოდა მხოლოდ ის ალი,
ბეთლემის ცაზე მოკისკასე ვარსკვლავის კდემა.

ალილო!
"რამე გამოიტა"-მოვსულვარ აბგით,
ღმერთო, ტრაპეზი გამიმზადე-ღვინო და პური.
ჩემზე-საკიდზე- საბრას შავი და მოკლე კაბა
ასრულებს სოლოს.
მიჭრიალებს სურვილი ურმით.

ალილო!
მაინც მოვედი და ვნახე იესო,
და სამსჭვალების მიჭედებაც დამედო ვალად,
ღმერთო, ღმერთმანი,
მთელი ჩემი ვრცელი სიესტა
თავსდება ერთ დიდ ცოდვაში, რომ ვიყავი ქალი.

ახლა გავრბივარ.

რა ჰიმალაი, და ვინ ლამა-თუნდაც დალაი,
გაქცევა ვიცი სულ სხვა მხარეს, და სხვანაირად.
თეთრი შუამთა.
შემუსვრილი გული.
არავინ,
როგორც არავინ
დაგიძახებ, ღმერთო,-
ალილო!

ჩემს ქვეყანაში სულ ზაფხული არ იცის ხოლმე.

??????