სალამანდრა
კუდს ნუ მოიქნევ, სალამანდრა-
არ მეშინია!
ცეცხლი დიდი ხნით მეკიდა და , უკვე დავიწვი.
გოგენის ყვითლით შევიღებე.. დაგეშილია
ქვეცნობიერი-თვალი მითრთის,
თვალი-თვალის წილ,
ფეხები-ფეხის,
ხელი-ხელის,
გული- გულის წილ,
ხმელეთზე ხოხავ, დაიღალე, უნდა ჩაყვინთო,
დრო გაცნობიდან არცნობამდე, მერე გუშინწინ,
გუშინ, დღეს დილას, საათის წინ, წამის...
მაკინტოშს
ვინ შეგიკერავს, სალამანდრა, რომ არ დასველდე?!
მიჩვეული ხარ,
ჩადი,
ჩადი,
გაცურე ქვევით,
ფსკერზე დაეშვი-გველთევზებთან, ფსკერზე,
და შემდეგ
შეჭამე ყველა ლიფსიტა ან, იყავი ქველი-
მოკვდი შიმშილით, როგორც ძველად, კიბის ქვეშ,
ხელში
ფანქრებით, ჭიქით, ფერებით და მხრებისკანკალით,
ტემპერა-კაცის გულიანი და არა კვერცხის,
თავი სინდისთან მიიტანე, იქვე დაკალი.
კუდს ნუ მოიქნევ, სალამანდრა!
ფერფლიდან მზელენ,
განთიადები, დაისები, თეთნულდზე თოვლი,
თვალი ნათელი, გული-გულში, მზიანი მზერა,
ხმელეთზე, ზევით, მწვერვალებზე
შეგხვდები მხოლოდ,
გზა ციცაბო და ქვიანია, გზა არის გრძელი,
ცეცხლი დამინთე, სალამანდრა,-
კლდის თავზე...
მოვალ.