დეკანოზიშვილი ნუციკო
გაზიარება

ჭერმის ყვავილებთან ფიფქები 

ჩემს ბაღში ჭერამი- 
ქათქათა- ჭურვივით აფეთქდა!
ამისდა მიხედვით, 
და, მიუხედავად ამისა,
უშენო დღეები 
გულწასულს მიზელენ საფეთქელს
და ბედნიერებაც 
გრაფიკში ჩამისვეს გაისად.

გარეწარ სატკივარს 
მეცო-სოპრანოთი მივკივი,
ქარები ექოებს 
სამყაროს კიდემდე აწვდენენ,
მუნჯი კინო ხარ და 
მოგყვები ბოლოში ტიტრივით,
"ჰეფი ენდ"-ს გუაშის 
ტონებით ვასრულებ საჩვენოდ,

და ამის მიხედვით 
ჭერმის ოცნებები ყვავიან,
და, მიუხედავად ამისა, 
შლეგურად გათოვდა,
წვიმები გვიცდიან, 
წვიმები რიგებში არიან,
და დაასველებენ ერთ-ერთს 
ჩვენ ორთაგანს-საცოდავს,

თენდება... ალიონს მამალი 
მესამედ გაჰყივის,
იჯერებ, რადგანაც აქამდე 
არასდროს გჯეროდა,
და, მიუხედავად ამისა, 
მე ვხდები დაღლილი,
და, ამის მიხედვით, 
შენ თვალებს აცეცებ ჩეროდან,

თენდება... თეთრ ბაღში 
პოლარულ ღამეებს მირღვევენ,
ალიონს ვაბრალებ... 
არადა, შუაში შენა ხარ!
ჭერმის ყვავილებთან 
ფიფქები ხატავენ სიმღერებს,
სხვა კი არაფერი-
მხოლოდ ეს მინდოდა, გენახა.

??????