დოლიძე თამთა
გაზიარება

მარილიანი ამბები 

სანამ შემოდგომა გამცვივდება, 
მოდი, 
გიმყოფინებ, 
სადამდეც გამწვდები. 
აბა როდემდე უნდა ვიყო 
ასე სიბერემდე შიშველი... 
ზღვისპირასაა ჩემი სახლი 
და თუ შემთხვევით ფეხი შემოგიცდა, 
(თუ გინდა გაცდენილი დღეების 
ხავსი ამაფარე) 
ჩემი სახლი სიზმრებამდე მიგაცილებს 
და საგზლად მარილიან ამბებს გაგატანს... 
- - - - 
როცა მომაგნებ, 
არ შეიმჩნიო ჩემი სიბერე... 
ეს ისე, უბრალოდ 
ღამე გადამცდა... 
- - - - 
შენი მოწნული ჰამაკი ჩამოვხსენი 
ე რ თ ს აღარ მარწევს... 
(არადა ე რ თ ა დ როგორ გვარწევდა?!) 
და ის ფიჭვებიც, 
ჩემს დასაცავად რომ დაგეშე, 
გემოს მისინჯავენ... 
- - - - 
რა ძალა ჰქონია მარილკვერებს, 
არ დაგაძინა ?! 
და ახლა ვეღარ გამოტოვებ 
იმ მჟავე განთიადებს, 
ყოველი ადგომისას 
შენს მაგივრადაც რომ ვღეჭავდი. 
სუუ...არ დაიძინო, 
ჯერ კიდევ ბევრი მარილი დამრჩა, 
ჩასაქოლად საკმარისია... 
- - - - 
არ გაგიკვირდე... 
თმა ბუდეებით შევიღებე, 
ახლა სახლი ვარ, 
სახლი რომელიც 
ე რ თ ა დ ს იტევს, 
ე რ თ ს კი ვერ... 
და სანამ ბუდეებიც გამცვივდება, 
გამოჩეკე ჩემი გაგრძელებები, 
აბა როდემდე უნდა ვიყო 
ასეთი მდიდარი... 
მე კი გაგრძნობინებ, 
თუ როგორი სიზუსტით ვივარცხნი 
შენს ხერხემალს, 
მალას და მალას შორის 
მარილკვერებს გიცხობ...გაბერებ 
და ხვდები რომ 
ამ ხნის მანძილზე 
ჩემი კუზი დაგქონდა ზურგით... 
- - - - 
ყურს როცა დავხუჭავ 
შენი ხმა მესიზმრება, 
(უკვე იმდენჯერ) 
მეშინია, 
როცა დაბრუნდები, 
არ დამეზარო... 
- - - - 
სუუ...არ დაიძინო, 
მიწა მომიტანე, 
და თუ ისურვებ, 
ჩემს მარილიან ამბებს ჩაგაცმევ. 
ე რ თ ა დ მიწაში თუ ...?! 
ე რ თ ს ჰამაკი 
მაინც არ დაგარწევს... 
- - - - 
ახლა კი, მოდი და 
ჩამაცვი შენი მიწა, 
სანამ ჩამეტევა, 
სანამ ვიხუჭები, 
(შენ ხომ გაცდენილი დღეების 
ხავსი ამაფარე) 
და ვითვლი ხელის გაწვდენამდე... 
შორია შენამდე... 
მთელი ერთი ნეკ(ნ)ი.

??????